ტყიბულელი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონია

 6-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით იტალიურ ოლბიაში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში. სასარის პროვინციაში 72 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი შეიკრიბა, მათთნ ერთად საქართველოს ნაკრები, 13 კაციანი შემადგენლობით იღებდა (9 ვაჟი და 4 გოგონა), მონაწილეობას. ტურნირზე ბოლო საშეჯიბრო დღეს 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტყიბულელი ილია სულამანიძე ასპარეზობდა. 2019 წელს მან ამ ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედლი მოუტანა. წელს კი ჩემპიონობისათვის ბრძოლა მეორე წრიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველ გიორგი ოძილაურთან გამართა, რომელიც შესანიშნავი გდებით დაამარცხა. მეოთხედფინალური შერკინება ისევ თანამემამულე, ამჯერად თავისივე ნაკრების წევრ, მიხეილ ჯაფარიძესთან, მოუხდა, რომელიც მეორე მოგებით დაასრულა. ნახევარფინალში მისი მთავარი კონკურენტი რუსი მატვეი კანიკოვსკი აღმოჩნდა, რომელთანაც ილიას ოთხი შეხვედრა აქვს კარიერაში გამართული და ორთავეს 2-2 მოგება აქვთ საკუთარ ანგარიშზე ჩაწერილი. მათ შორის, 2019 წელს ილიამ მას მსოფლიოს ახალგაზრდულზე ნახევარფინალში მოუგო. იგივე შედეგი გაიმეორა სულამანიძემ ამჯერადაც, უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში გაფრთხილებებით აჯობა რუს მეტოქეს და ფინალური საგზური ღირსეულად დაიმსახურა.

 ფინალური დაპირისპირება ილია სულამანიძესა და უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს შორის გაიმართა. ქართველმა ფალავანმა გართულებების გარეშე სძლია მეტოქეს  და ახალგაზრდებს შორის უძლიერესის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ქვეყნის ნაკრებს კიდევ ერთი ოქრო მოუტანა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია