215_6328_01.MP4.Still001

საჭადრაკო ფესტივალი ,,ტყიბული-2019“ გაიხსნა

ტურნირი, ისე როგორც გასულ წლებში, თეატრის ,,ვერცხლის დარბაზში“ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს 90-მდე სპორტსმენი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიცაა: თბილისი, გორი, ქარელი, ზესტაფონი, ამბროლაური, ქუთაისი, ლანჩხუთი, ხონი, მათ შორის 25-მდე ტყიბულელი მოჭადრაკეა,  მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ჩვენს ქალაქში მეთერთმეტედ ტარდება და მას წელს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ მოასპარეზეთა შორის შეჯიბრში ჩართულია ახალგაზრდა  წარმატებული მოჭადრაკე უკრაინიდან.

  ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად იმართება, 8 და 10 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში, ასევე, - 12 წლამდე ასაკში. გარდა ამისა, ეწყობა ღია ტურნირი, რომელშიც მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.

  ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტული ცენტრი, საქართველოსა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციები.

   შეხვედრები ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება და 13 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით. ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, ასევე, მათ მწვრთნელებსაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ წელს დააწესა სპეციალური ფულადი პრიზები გოგონათა და ჭაბუკთა, ასევე, ქალთა და მამაკაცთა შორის საუკეთესო ტყიბულელი მოჭადრაკეებისათვის, ასევე, „ტყიბული-2019“ და „რაჭა-2019“ ფესტივალებზე საუკეთესო შედეგებით გამოვლენილი მონაწილეებისათვის.

  საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული-2019“ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ეწყობა.

მარი ბაბუხადია