215_6422_01.MP4.Still001

საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

  საერთაშორისო საჭარდაკო ფესტივალი „ტყიბული 2019-ის“ ერთკვირიანი ტურნირი დასრულდა, რომელიც ტრადიციულად უკვე მეთერთმეტე წელია, რაც ჩვენს ქალაქში, მუნიციპალიტეტის თეატრის „ვერცხლის დარბაზში,“ იმართება. თუმცა წელს პირველად მან საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და 90-მდე ქართველ მონაწილეს შორის წარმატებული უკრაინელი ახალგაზრდაც ასპარეზობდა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში, მათგან - 8, 10 და 12 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებში, ასევე, ღია ტურნირი 14 და 16 წლამდე მოზარდებსა და 16 წლის ზევით ქალთა და მამაკაცთა შორის, მიმდინარეობდა.

  ღონისძიებას ორგანიზება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა(ა)ი.პ. „სპორტულმა ცენტრმა“ და საქართველოსა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციებმა გაუწიეს. დახურვის ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ესწრებოდნენ. ფესტივალისათვის დაწესებულ ფულად პრიზებთან ერთად გამარჯვებულებს მედლები, დიპლომები და თასები გადაეცათ. 8 წლამდე ასაკის მოთამაშეებს შორის I ადგილზე გავიდნენ ანასტასია ქუთათელაძე და აკაკი ინაური, 10 წლამდე - ანა კიტაძე და ლევან ჩუბინიძე, 12 წლამდე კი, -  მარიამ ჩხაიძე და მიხეილ აფხაიძე. ღია ტურნირში 14 წლიანთა შორის გამარჯვება მოიპოვა ნიკოლოზ დარსაძემ, ხოლო 16 წლიანთა შორის - დავით ცქიფურიშვილმა. ტურნირის საუკეთესო ქალ და მამაკაც მოთამაშეებად გამოვლინდნენ კატერინა დოლზუკოვა (უკრაინა) და ნიკოლოზ ჩხაიძე. მათთან ერთად ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ I, II და III, ადგილებზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელები.

  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ცალკე ფულადი პრიზები დააწესა საუკეთესო შედეგების მქონე ადგილობრივი  მოჭადრაკეებისათვის, სულ 25 მოთამაშიდან შეირჩა - 5, თამაზ ხორხომელიძე, ქეთი ბოჭორიშვილი, ბექა ყვავაძე, მარიამ გორგიაშვილი და გივი კახიძე, რომელთაც ეს თანხა დიპლომებთან ერთად მიიღეს. ასევე, დააჯილდოვეს „რაჭა-2019-ისა“ და „ტყიბული-2019-ის“ ფესტივალებში საუკეთესო ჯამური შედეგების მქონე  6 მონაწილე.

  ფესტივალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. მას მთავარი მსაჯობა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა, ალექსანდრე არსენიძემ, გაუწია, ხოლო ტურნირის დირექტორი, საჭადრაკო კლუბ „ტყიბულის“ ხელმძღვანელი, იუზა დოლიძე, იყო.

ნათია მურუსიძე