ილია სულამანიძე - კვლავ ჩემპიონის ტიტულით

 5-დან 7 ნოემბრის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარეობდა 23 წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი, მასში 38 ქვეყნიდან 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში გუნდურ-პირად პირველობაზე 14 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა (9 ვაჟი და 5 გოგონა).  მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ტყიბულელთათვის საამაყო ფალავანი, ილია სულამანიძე, 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ჩაება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ილიამ ჩვენი ქვეყანა ისევ ასახელა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამჯერად რეიტინგის ფავორიტი, პირველი წრის გამოტოვებით, პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო ჩემპიონატში და შვეიცარელი დანიელ ეიხი ლამაზი გდებით დააიპონა.

 ნახევარფინალში ქართველ სპორტსმენთა ბედი გადაიკვეთა და ილიას გიორგი ჩიქოვანთან მოუწია დაპირისპირება. უფროსებს შორის მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანმა სულამანიძემ თანამემამულე გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალის საგზური მიიღო.

 ოქროსათვის ბრძოლა ილიას მასპინძელ მეტოქესთან, უნგრელ ზსომბორ ვეგთან, მოუწია.  მასთან დაძაბულ შერკინებაში ვაზარით ჩამორჩენა ქართველმა სპორტსმენმა ავასატე იპონით აღმოფხვრა და 23 წლამდე ევროპის ჩემპიონობას დაეუფლა.

 შედეგად ბუდაპეშტში ჩვენი ქვეყნის ნაკრების ანგარიშზე 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი ჩაიწერა და აქედან მძიმე წონაში 1 ოქრო ილია სულამანიძის მონაპოვარია.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია