ილია სულამანიძე „გრანდ-სლემის“ ჩემპიონია

17-დან 19 თებერვლის ჩათვლით თელ-ავივში ძიუდოისტთა „გრანდ-სლემი“ გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, 12 ვაჟი და 3 ქალი. პანდემიის გათვალისწინებით მონაწილეთა რიცხვი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან 300-მდე ძიუდოისტს შეადგენდა. ჩვენი ქვეყნის ვაჟთა ნაკრები, ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი იყო, როგორც ტიტულოვანი, ისე ჯერ-ჯერობით უცნობი სახეებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყიბულელთათვის საამაყო ფალავნის, უფროსებში მსოფლიოს მესამე პრიზიორის, ილია სულამანიძის, მონაწილეობა გრანდ-სლემზე.

 20 წლის ილია სულამანიძე, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია, წარმატებით ჩაერთო ამ ტურნირში. მან ბრწყინვალე მომზადება გამოავლინა ყველა კომპონენტში: ტექნიკა, „ფიზიკა“, საჭიდაო აზროვნება, დგომი, ქვეჭიდი, რისი შედეგიც იყო, რომ ოთხივე შეხვედრა შესანიშნავად იპონით მოიგო.

 ილია პირველ წრეში ისვენებდა. ტურნირში ჩაბმისთანავე კი მასპინძელი სტანისლავ ბანჩიკი მოგვერდით დააგდო იპონზე. მეოთხედფინალში მან რუმინელ ედუარდ სერბანს ფეხის შიგნიდან გამოკვრა არ დაანება, კონტრ ილეთით უკან გადააგდო და ვაზარი მოიპოვა, მერე კი მტკივნეულზეც დაუჭირა ხელი. ნახევარფინალში სულამანიძემ აზერბაიჯანელთა მომავალ მესამე პრიზიორი, ზელიმ კოცოევი,  კვლავ იპონით დაჯაბნა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ნიდერლანდელი მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორი მიხაელ კორელი, სხვა მეტოქეთა მსგავსად, ჭიდაობაშიც დაჩაგრა და ბოლოს გარესარმით გადააგდო ბეჭებზე. ასე რომ, 20 წლის ილია სულამანიძემ ბრწყინვალე გამარჯვება და მძიმე წონაში, გურამ თუშიშვილთან ერთად, ოქრო მოუტანა ქართველთა ნაკრებს. მან პირველად მოიგო გრანდ სლემი და 1000 ქულაც მიიღო, რითაც რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა.

  აი, რას წერს ევროპის ძიუდოს ფედერაცია ილია სულამანიძის შესახებ:

 "მას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რაც ვარლამ ლიპარტელიანის შეცვლას გულისხმობდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ილიას მხოლოდ აძლიერებს. შარშან მან თელ ავივში  - ბრინჯაო, ხოლო თბილისში ვერცხლი აიღო, ახლა კი გრანდ სლემის ოქროსაც დაეუფლა. ბოლო წლის მანძილზე მან ახალგაზრდებში - მსოფლიო, 23 წლამდელებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ეს 20 წლის ბიჭი უკვე დიდ ნაბიჯებს დგამს"

  საბოლოოდ, სამდღიანი ტურნირი თელ-ავივში საქართველოს ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა: 2 ოქრო და 1 ვერცხლი, რითაც საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე მოხვდა, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

მოამზადა ნათია მურუსიძემ

კომენტარები გამორთულია