222

თვითმმართველობის მხარდაჭერით „ნორჩი მეშახტე“ წინასაშეჯიბრო შეკრებაზე გაემგზავრება

  „ნორჩი მეშახტის“ ფეხბურთელები, მწვრთნელებთან ერთად, წინასაშეჯიბრო შეკრებაზე გაემგზავრებიან. 2005-06 და 07 წლებში დაბადებულ სპორტსმენთაგან შერჩეული ყველაზე პერსპექტიული 18 მოზარდი 10 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქ ქობულეთში დაისვენებს და მომავალი ჩემპიონატისათვის მოემზადება, რაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშანვია, რომ 2005-06 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფი წარმატებით ასპარეზობს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატზე, როინ კვასხვაძის, სახელობის თასზე, სადაც პირველი წრის შედეგებით, ისეთი ძლიერი გუნდების გვერდით, როგორებიცაა ქუთაისის „ტორპედო,“ სამტრედიისა და  ზესტაფონის შემადგენლობები, მესამე პოზიციაზეა.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საფეხბურთო კლუბ „მეშახტის“ ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და ნორჩ ფეხბურთელებს, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, შეხვდა და მათ აღნიშნული სიახლის შესახებ ამცნო. როგორც კლუბის დირექტორი, გია ბოჭორიშვილი, განმარტავს, ასეთი ფაქტი გასული წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვისას მხოლოდ საშეჯიბრო ღონისძიებების დაფინანსებაა გათვალისწინებული. ისიც მნიშვნელოვანია, რომ წელს საფეხბურთო სკოლა უკვე კლუბ „მეშახტის„ შემადგენლობაში შევიდა. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან კი, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა საკმაოდ დიდია, რაც ადგილობრივი კადრის გაზრდას უზრუნველყოფს.

  ნორჩი მეშახტე წინასაშეჯიბრო შეკრებაზე 20 ივლისს გაემგზავრება.

ნათია მურუსიძე