ზურაბ ობოლაძე კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა საქართველოს ჩემპიონატზე მოსწავლე-მოკრივეთა შორის წარმატებით იასპარეზეს და ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

  ტყიბულელმა მოკრივემ ზურაბ ობოლაძემ (მწვრთნელი - გია დვალი) პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა (80 კგ. წონით კატეგორიაში), ხოლო ასევე ჩვენმა თანაქალაქელმა, ნიკა ბარბაქაძემ (მწვრთნელი - ვარლამ კობახიძე), საპრიზო ადგილი მოიპოვა 57 კგ. წონით კატეგორაში და შესაბამისად ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

  ჩემპიონატი ქალაქ ფოთში 14-18 აპრილს მიმდინარეობდა, რომელშიც 150, 2007-08 წ.წ. დაბადებული, მოკრივე მონაწილეობდა.

  აღსანიშნავია, რომ ზურაბ ობოლაძემ ნახევარფინალში ბაღდათის, ხოლო ფინალში კი მესტიის წარმომადგენელთან ორთაბრძოლა დროზე ადრე მოგებით დაასრულა.

  საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე-მოკრივეთა შორის პირველად წელს მოეწყო. 13 წლის ზურაბ ობოლაძე ამ გამარჯვებით საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი გახდა. როგორც მისმა მწვრთნელმა, გია დვალმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ზურაბი სპორტის ამ სახეობაში მასთან, როგორც სპორტული ცენტრის აღსაზრდელი 5 წლიდან ვარჯიშობს და მას მეტად მოტივირებულ, შრომისმოყვარე, მიზანდასახულ და პასუხისმგებლობით აღსავსე აღსაზრდელად ახასიათებს. საქართელოს ჩემპიონობა ზურაბისათვის დღეისათვის მიღწეული ყველაზე დიდი წარმატებაა კრივში, თუმცა ასევე არის სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმატებულ მოკრივეს სპარინგ-პარტნიორობას უფროსი ძმა, მამია ობოლაძე (მწვრთნელი გია დვალი). უწევს, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში ირიცხება. ამავე ნაკრების წევრია, ასევე სპორტული ცენტრის აღსაზრდელი, მარიამ ხარატიშვილი (მწვრთნელი გია დვალი), ხოლო საქართველოს ნაკრების წევრი ახალგაზრდებს შორის კრივში კი, ტყიბულელი წარმატებული მოკრივე, ალექსანდრე კუპატაძეა (მწვრთნელი ვარლამ კობახეძე).

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია