ევროპის ორგზის ახალგაზრდული ჩემპიონის ბრინჯაო

  9–დან 12 სექტემბრის ჩათვლით ლუქსემბურგში მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრები 12 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა (9 ვაჟი და 3 ქალი). ტურნირის ფავორიტი, ახალგაზრდებში ორგზის ჩემპიონი, ტყიბულელი ილია სულამანიძე, 100 კგ–მდე წონით კატეგორიაში მესამე საჩემპიონატო დღეს ასპარეზობდა. უფროსებში მსოფლიოს მესამე პრიზიორმა წინასწარი შეხვედრები გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე უპრობლემოდ მოიგო, მერვედფინალში იტალიელი Daniele Accogli იპონით დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში პოლონელი Michal Jedrzejewski ეფექტურად დააიპონა. ნახევარფინალურ ასპარეზობაში სამწუხაროდ, რუსი მეტოქისათვის (მატვეი კანიკოვსკი) გამოკრული ფეხის შედეგად ილეთზე თავად დავარდა და შეხვედრა წააგო. რის შემდეგაც ილიამ ბრძოლა უკვე ბრინჯაოს მედლისათვის განაგრძო. ამჯერად მისი მეტოქე სლოვაკი ვიქტორ ადამი იყო, რომელთანაც პაექრობა სულამანიძემ ეფექტური კისრული იპონით შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე მოგებით დაამთავრა. რითაც ნაკრებს მეოთხე მედალი მოუტანა.

  საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ასპარეზობა  ლუქსემბურგში 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია