882 - კოვიდინფიცირებული, 717 კი - გამოჯანმრთელებული პირი ტყიბულში

  საყოველთაო პანდემიის რეჟიმში მყოფი ჩვენი ქვეყნის ინფიცირების მაჩვენებელი დღევანდელი განახლებული მონაცემებით 3064 კოვიდდადებით შემთხვევას აღრიცხავს, აქედან 25 - ტყიბულის მუნიციპალიტეტზე მოდის. შესაბამისად, ჩვენთან აქამდე გამოვლენილი დაავადებულების საერთო რიცხვი 882-ს შეადგენს, მათგან 717 პირი უკვე გამოჯანმრთელებულია. ამჟამად თვითიზოლაციაში 329 ადამიანი იმყოფება. საბედნიეროდ, გარდაცვალების ფაქტი მიმდინარე კვირაში არ დაფიქსირებულა.

   როგორც მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მადონა ქასრაძე, აცხადებს, მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება მართვადია, დაავადების  შემთხვევათა დიდი ნაწილი მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. ძირითადად გვხვდება ოჯახური კერები. გრძელდება რანდომული კვლევები პედაგოგებს, სახანძრო-სამაშველოს, პოლიციისა და შსს-ს თანამშრომელთა შორის, რითაც შესაძლებელი გახდა გამოვლენილიყო უსიმპტომოდ მიმდინარე დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები.

   შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით დაწესებული ორთვიანი შეზღუდვები, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შემსუბუქდება. იმედია, რომ ეს პერიოდი უარყოფითად არ აისახება კოვიდსტატისტიკაზე და გარკვეულწილად კლებისაკენ წასულ დინამიკას, მიმართულებას არ შეუცვლის.

 

ნათია მურისიძე

კომენტარები გამორთულია