„ხრესილობა - 264!“

  14 დეკემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ხრესილის ომიდან 264-ე წლისთავი აღინიშნა. ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში გმირთა მემორიალთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამ თარიღის აღნიშვნის ტრადიციას ხრესილის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, 25 წლის წინ დაუდო საფუძველიდა მას შემდეგ, ყოველ წელიწადს, ქვეყნისათვის თავდადებულ მეომართა ხსოვნას პატივს საჯაროდ მიაგებენ.

  1757 წლის მიწურულს ქართველთა 15 000 კაციანმა ლაშქარმა, მეფე სოლომონ I-ის მეთაურობით, ხრესილის ველზე შემოჭრილ ოსმალთა 50 000-იან ჯარზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ეს ბრძოლა საქართველოს ისტორიში ხრესილის ომის სახელით შევიდა. სამი საუკუნის შემდეგ კი, 2016 წლის 22 დეკემბერს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იმერთა მეორე აღმაშენებლად წოდებული მეფე სოლომონი წმინდანად შერაცხა. .

  „ხრესილობის“ 264-ე დღესასწაულზე მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ უკვდავ ხსოვნას. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, რობიზონ რობაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები და კულტურისა და განათლების სფეროს მუშაკები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით შავიანიძემ და ხრესილის საჯარო სკოლის დირექტორმა, ზვიად კუბლაშვილმა. მოხსენებები ხრესილის ომის ისტორიულ მონაკვეთს შეეხებოდა.

  ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ამ ბრძოლაში მონაწილე ერთ-ერთი გმირის, გეგელა თევდორაძის, შთამომავალი, ნინო გეგელაშვილი, ესწრებოდა. მან სიამაყით გაიხსენა ბაბუასგან ზღაპარივით მოსმენილი ამბები მათი სახელოვანი წინაპრის გმირობის შესახებ, რისთვისაც გვარს დიდმა მეფემ ტახტის აზნაურის წოდება უბოძა.

  სიტყვით გამოვიდა მუნიციპალიტეტის მერი და მან ინიციატივა გამოთქვა, რომ მომავალ წელს გაცილებით მასშტაბური ხასიათი მიეცეს ხრესილობის აღნიშვნას, მათ შორს, მოეწყოს სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდების ჩართულობით.

  მემორიალთან თემატური ხასიათის მცირე კულტურული ღონისძიებაც მოეწყო, პატრიოტული სულისკვეთებით სავსე მუსიკალური, ქორეოგრაფიული და მხატვრული ნომრების ჩართულობით. ამ დღესასწაულის სიდიადის წარმოსადგენად ეროვნული სიმბოლიკით - სახელმწიფო დროშებით ხელში, „საპატიო ყარაულში,“ ჩოხოსნებთან ერთად, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ტყიბულის რაზმიც იდგა.

ნათია მურუსიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები გამორთულია