„ჩემი ქალაქი ჩემი მომავალია“- მოხალისეობრივი ფორუმი ტყიბულში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ პროექტის „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოხალისეობრივი ფორუმი გაიმართა. სტუმართა შორის იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი და რუსთავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. პირველ ეტაპზე, დელეგაციამ კონკურსში გამარჯვებული პროექტები მოინახულა - „ჩვენი სკვერი ნიკნეულაზე,“ „TDDF-ის STEM კლუბი“ და „წიგნის სკვერი.“ მათ გარდა, საუკეთესო იდეების ხუთეულში შედის, ასევე, „ხელმისაწვდომი ინტერნეტი ყველას“ და „სიტყვის ძალა.“ თითოეული პროექტი ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აღსანიშანვია, რომ ხუთივე ინიციატივის დასაფინანსებლად გაეროს განვითარების პროგრამიდან 23 ათას ლარამდე იქნა გამოყოფილი. ფორუმი „ჩემი ქალაქი ჩემი მომავალია“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში, ღია სივრცეში, გაიმართა, რომელსაც, 90-მდე მონაწილესთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. აქ იყვნენ ჭიათურისა და რუსთავის კონკურსების გამარჯვებულებიც. ღონისძიებაზე შეჯამდა „ორბელიანი საქართველოს“ კოორდინირებით განხორციელებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის შედეგები, რომელიც წელს ტყიბულსა და ჭიათურაში მიმდინარეობდა (რუსთავში მსგავსი პროექტი 2018-19 წ.წ. ჩატარდა). ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას 300-მდე იდეის მხარდაჭერა აქვს განხორციელებული ქვეყნის მასშტაბით. ფორუმზე, სხვებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლურად ტყიბულის ჩაი გადასცა სტუმრებს. „ორბელიანი საქართველოს“ დირექტორმა, ქეთი ხაჩიძემ, გამარჯვებული ხუთეულიდან საუკეთესოდ პროექტის „TDDF-ის STEM კლუბი“ ავტორი, დანიელ გელანტია, დაასახელა, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამართული ხმის მიცემით გამოვლინდა (468 ხმა). მას სიურპრიზად 500 ლარიანი წამახალისებელი ფულადი პრიზი გადაეცა. დაჯილდოვდნენ ასევე, რუსთავისა და ჭიათურის წარმომადგენლებიც.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია