„უნაგირას მთაზე“ წმ. გიორგის სახელობის მონასტერი აკურთხეს

  ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე), „უნაგირას მთაზე“ ახლადაღდგენილი ტაძარი აკურთხა. საზეიმო ღვთისმსახურებაში, სასულიერო პირებთან ერთად, მორწმუნე მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა იღებდნენ მონაწილეობას.

     „უნაგირას მთა“ ორი მუნიციპალიტეტის, ტყიბულისა და თერჯოლის, კერძოდ კი, სოფლების:  ცუცხვათის, სიმონეთის, ბარდუბნის, ნახშირღელისა და სეფარეთის საზღვრებზე მდებარეობს. მის მარჯვენა მწვერვალზე არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძარი, გალავნითა და მიშენებებით, წმინდა გიორგის სახელობისაა და იგი X საუკუნეს მიეკუთვნება. ამ პერიოდისა შესაძლებელია, იყოს მისი ცენტრალური ნაწილიც, ხოლო საძირკველი, სავარაუდოა, უფრო ადრინდელ, V-VI საუკუნეებს განეკუთვნებოდეს. სწორედ, ამიტომ, იგი მკვლევარებისა და სპეციალისტების დიდ ინტერესს იწვევს.

       ამ უძველეს სიწმინდეს 2018 წლის დეკემბერში ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მისი აღდგენითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული. თავდაპირველად შედგა პროექტი, შეკეთდა ურთულესი რელიეფის მქონე ტაძრამდე მისასვლელი გზა. ერთ წელში ნანგრევებიდან ძველ საძირკველზე აშენდა ბაზილიკური სტილის ერთნავიანი ეკლესია თავისი მინაშენებით. ამ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ფიზიკური შრომითა თუ ფულადი შემოწირულობებით, რომელთა სახელებს მადლიერებით იხსენიებს დედა- ეკლესია და ლოცულობს მათი კეთილდღეობისათვის.

      ძველი ხალხური გადმოცემების მიხედვით უნაგირას მთაზე ბაგრატოვანთა და დიდგვაროვანთა საძვალე არსებობდა. ტაძარს  მეუფე გიორგიმ  მონასტრის სტატუსი მიანიჭა და მწირველ მღვდელთმსახურად მამა პავლე (ბურჯანაძე) დაადგინა, რომელიც, ასევე, ჭყეპის წმინდა გიორგის სახელობის მოძღვრად არის განმწესებული.

      ამიერიდან, კიდევ ერთი მოქმედი სიწმინდის კერა შეემატა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიას, სადაც მარადიული კანდელი ჩაუქრობლად გაუნათებს რწმენის გზას უფლის ჭეშმარიტებასთან მიახლებულ ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას.

                                                                                                                    ნანა რაზმაძე

  

კომენტარები გამორთულია