ტყიბულში კოვიდდინამიკა კლებადი და სტაბილურია

  პანდემიის მეხუთე ტალღის პირობებში საქართველოში დღეს კოვიდინფიცირების 1527 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო სურათის ფონზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაავადების დინამიკა გასულ თვესთან შედარებით ამჟამად კლებადი და სტაბილურია. თუ ნოემბრის თვის ანალოგიურ პერიოდში 209 ფაქტი იყო დადასტურებული, დეკემბრის მონაცემებით ჯერ-ჯერობით 127 შემთხვევა ფიქსირდება. საშუალოდ ყოველდღიურად ინფიცირების რაოდენობა 5-დან 19-მდე მერყეობს. სულ ამ დრომდე ტყიბულში 4034 კოვიდდადებითი ფაქტია აღრიცხული, 152 პირი იზოლაციაში იმყოფება, ხოლო 3685 - გამოჯანმრთელებულია. დღემდე გარდაცვლილია 73 ადამიანი.

ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ კვლავ გრძელდება სტრატეგიული ობიექტების თანამშრომელთა ტესტირება,  მათ შორის არიან პედაგოგები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები. ორჯერადად ვაქცინირებულები ორ კვირაში ერთხელ PCR კვლევას გადიან, ხოლო ერთჯერადად ვაქცინირებულებს, 7 დღეში ერთხელ, სწრაფი ტესტით ანტიგენზე იკვლევენ.

  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილში დაფიქსირებული დაავადების შემთხვევების გამო, ცალკეული სკოლები წერტილოვნად, ზოგიერთ კი სრულად, ორ-ორი კვირით, გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე.

  აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ბოლო 11 თვის მონაცემებით დღემდე სამივე ვაქცინით ჯამში 6 322 აცრაა ჩატარებული.

  იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და გავუფრთხილდეთ ახლობლებსა და გარშემომყოფებს, საყოველთაოდ დადგენილ რეკომენდაციებთან ერთად, ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მადონა ქასრაძე, კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაიტარონ ვაქცინაცია და ხელი შეუწყონ მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებას.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია