ტყიბულში ეპიდვითარება მზარდია

კორონავირუსის მეხუთე ტალღის პირობებში ქვეყანაში დაავადების მაჩვენებლები იზრდება - ბოლო 24 საათში 4411 აქტიური შემთხვევა აღირიცხა. ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ინფიცირების სტატისტიკა მომატებულია. თუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდში 201 ფაქტი გამოვლინდა, მიმდინარე თვეში ამ რიცხვმა უკვე 282 შეადგინა. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში 21-21 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი დღემდე - 3170 დაავადების ფაქტი. გამოჯანმრთელებულია - 2844, თვითზოლაციაში კი 319 პირია, ხოლო გარდაიცვალა 54  ადამიანი.

 მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანლის, მადონა ქასრაძის, ინფორმაციით ამ ეტაპზე ძირითადად გამოვლენილია ოჯახური შემთხვევები, სადაც ზოგჯერ 5-6 წევრია ინფიცირებული, ისინიც ძირითადად  თვითიზოლაციაში მყოფი კონტაქტირებული პირები არიან. დაავადების მაჩვენებელმა იმატა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. სკოლებში დაფიქსირებულია 43 შემთხვევა, აქედან 9 - პედაგოგია. დღეისათვის სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანილია ორპირის საჯარო სკოლა, ხოლო დანარჩენ სკოლებში  - ცალკეული კლასები წერტილოვნად.

 გრძელდება გეგმიური კვლევები საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის. პედაგოგებში ორჯერადად აცრილებს 14 დღეში ერთხელ PCR ტესტი უტრადებათ, ხოლო ერთჯერადად აცრილები და აუცრელები სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტით გამოიკვლევიან.

 ვაქცინაციის ტემპი, როგორც ქვეყანაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ამჟამად შენელებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცემტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა დასაცავად აუცილებელია აიცრან, მით უფრო, რომ ყველა ტიპის ვაქცინა მათთვის ხელმისაწვდომია. მდგომარეობა ჯერ-ჯერობით კონტროლს ექვემდებარება და მართვადია, თუმცა ეს ფაქტი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ხვალ და ზეგ შესაძლოა ეპიდაფეთქების წინაშეც კი დავდგეთ, - აცხადებს ქალბატონი მადონა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია