სააღდგომო დღესასწაულის დასრულების შემდეგ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ეპიდვითარებაში კლების ტენდენცია შეინიშნება. ბოლო სამ დღეში სულ 18 კოვიდდადებითი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა წყაროების უმრავლესობა დადგენილია და ძირითადად ოჯახურ და სამეზობლო კონტაქტებს უკავშირდება. მიმდინარე თვეში დღემდე 170 ინფიცირებულია გამოვლენილი, თუმცა დიდი კლასტერი არსად დაფიქსირებულა. ციფრის მატება სადღესასწაულოდ სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანების სიმრავლემ, ნათესაურმა შემთხვევებმა განაპირობა.
დღეისათვის ტყიბულში კოვიდ 19-ით დაავადების სულ 1666 ფაქტია გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია - 1458, ხოლო თვითიზოლაციაში 161 პირი იმყოფება. ვირუსით გარდაცვლილია 25 ადამიანი.
უქმეების შემდეგ სასწავლი პროცესი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სრულად განახლებულია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ მიმდინარეობს პედაგოგების, ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალის რანდომული კვლევები, PCR და სწრაფი ტესტების მეშვეობით. კვლევა სრულდება 4 დღეში, რომლის შედეგადაც სრულად იქნება შემოწმებული აღნიშნული სეგმენტი. საყურადღებოა, რომ დადებითი ტესტი უკვე აღებული 183 ანალიზიდან არ გამოვლენილა.
ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობა კვლავ მიმართავს მოსახლეობას ზედმიწევნით დაიცვან საყოველთაოდ დადგენილი რეკომენდაციები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავი აარიდონ მასობრივ შეკრებებს, რათა გაუფრთხილდნენ საკუთარ თუ სხვების ჯანმრთელობას.
ნათია მურუსიძე
27 thoughts on “ტყიბულში ეპიდვითარება მართვადია”
კომენტარები გამორთულია