73306395_3101408409929280_3858371131488600064_o

„ტყიბულქალაქობა - 2019“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

 

    ტყიბულს ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 80 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი „ტყიბულქალაქობის“ ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულთან ერთად, მუნიციპალიტეტში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. საზეიმო დღე გელათის სამონასტრო კომპლექსიდან დაიწყო, სადაც აკადემიის დარბაზში მოწვეულმა ისტორიკოსებმა, მერაბ კეზევაძემ და სულხან კუპრაშვილმა, გააკეთეს მოკლე ექსკურსი ტყიბულის დაარსებასთან დაკავშირებით. აქვე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა საინტერესო პრეზენტაციას თემაზე „როგორ შენდებოდა ტყიბული,“ რომელიც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა, მაია ბრეგაძემ, მოაწყო.

  სახალხო ზეიმთან დაკავშირებით ორპირის ცენტრში საბავშვო თეატრ-სტუდია „ნატვრისთვალმა“ კოსტიუმირებული ღონისძიება გამართა, რომლის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად, ჯვარისის ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ისე როგორც სოჩხეთისა და გურნის ახალი საბავშვო ბაღები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მოეწყო, ხოლო ინვენტარით ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აღიჭურვა.

  „ტყიბულქალაქობა - 2019-ის“ მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქში იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნას უკავშირდებოდა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტი იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, ელგუჯა გოცირიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, გახსნეს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების მიმდინარეობისას, ელგუჯა გოცირიძემ, ტყიბულის N5 საჯარო სკოლის, XII კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, სოფიო ჩაფიძეს, სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა.

  ამავე დღეს გაიხსნა განახლებული საჭიდაო არენაც, რომელმაც იმავდროულად, ქართულ ჭიდაობაში იმერეთის ჩემპიონატს უმასპინძლა, შეჯიბრის შემდეგ კი, - მოეწყო გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება.

  ამ დღისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებს სამხატვრო გალერეა, ტყიბულელი მხატვრის, ლერი ქემოკლიძის, ნამუშევრების პერსონალური გამოფენით შეუერთდა, რომლის დათვალიერებაც მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მიერ წარმოდგენილი ცოცხალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. საგამოფენო სივრცეშივე გაიმართა, ახალგაზრდა ოკრიბელი მწერლის, სოფიო კუბლაშვილის, წიგნის, „ოკრიბის ღმერთის,“ პრეზენტაციაც. რომელიც საბავშვო თეატრ-სტუდიამ, „ნატვრისთვალმა,“ წარმოუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

   ღია ცის ქვეშ, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა შეკრებილებს სხვადასხვა ნომრით დატვირთული კონცერტი შესთავაზეს. შოთა რუსთაველის სახელობის, მოსწავლე-ახალგაზრდიბის სასახლემ კი, - საიუბილეო თარიღი და „ტყიბულქალაქობა“ თემატური მხატვრული წარმოდგენით აღნიშნა, სადაც დირექციამ აღნიშნული დაწესებულებისადმი გაწეული არაერთი ქველმოქმედებისა და მხარდაჭერისათვის „სასახლის მეგობრის“ სტატუსი მიანიჭა, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ პარლამენტის წევრს, ელგუჯა გოცირიძეს. ასევე, თანადგომისათვის სამადლობელი ბარათით დააჯილდოვა საკრებულოს წევრი, რომან მაწკეპლაძე. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, სპორტის სასახლის წინ საგანგებოდ იყო მოწყობილი ბავშვებისათვის უფასო გასართობი სივრცე, სადაც ისინი დროს მხიარულ გარემოში ატარებდნენ. მრავალფეროვანი აქტივობები, ქალაქის ცენტრში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, გაგრძელდა, აქ შთამბეჭდავად იყო წარმოდგენილი ეთნოგრაფიული კუთხეები. დამთვალიერებელს აქვე შეეძლო გაცნობოდა ოკრიბულ სამზარეულოს, რეწვის ნიმუშებს, ჩვენი კუთხის ტურისტული თუ სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების ამსახველ ფოტო- მასალას, ასევე სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრებს.

  მოგვიანებით დღესასწაულზე ყველასათვის საყვარელი მოწვეული ჯგუფის, „ბანის“ კონცერტი გაიმართა. დღის კულმინაციური ნაწილი კი,- ტყიბულის საპატიო მოქალაქეების წარდგენა და მათი საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება იყო, რომელიც ადგილობრივი ანსამბლის, „ცხრაჯვარის“ მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრებითა და ფოიერვერკით დასრულდა. აღნიშნულ ღონისძიებას მაია ბრეგაძე უძღვებოდა.

   ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:

  ამირან ბოჭორიშვილს - მინდელის სახელობის შახტის N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა გამყვან მუშას, წარჩინებული შრომისთვის არაერთი საპატიო წოდების მფლობელს;

  გრიგოლ ბრეგაძეს - ღვაწლმოსილ პედაგოგს, ღირსების ორდენისა და სხვადასხვა საპატიო წოდების მფლობელს განათლების სფეროში;

  ქეთევან ლოსაბერიძეს - მრავალი ტიტულის მქონე სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონს მშვილდოსნობაში;

  სევერიან შერბაკოვს - დამსსახურებულ, მრავალსტაჟიან დეკორატორს, რომელიც ბუნების დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელია;

  ლილი სანიკიძეს - მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ექიმს, პირველი კატეგორიის ექიმის წოდების მფლობელს, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი სამადლობელი წერილი, მთავრობის ჯილდო და ქების სიგელი.

  „ტყიბულქალაქობა - 2019-ს“ ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. ღონისძიებებს მოსახლეობასთან ერთად, მოწვეული და ადგილობრივი სასულიერო და ოფიციალური პირები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

მარი ბაბუხადია