ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ახალგაზრდა, წარმატებული ძიუდოისტი, ილია სულამანიძე, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლაშა გუჯეჯიანთან და მის პირად მწვრთნელთან გიორგი ობოლაძესთან ერთად დააჯილდოვა. აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც კულტურის ობიექტების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ჩერქეზიშვილმა, ილიასა და მწვრთნელებს მიღწეული შედეგი მიულოცა, მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. ამასთან ერთად, მერმა ილია და მისი პირადი მწვრთნელი, გია ობოლაძე მერიის სახელით ფულადი საჩუქრითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ,,ძალიან მიხარია ასეთი ყურადღება და დაფასება, რაც მთავარია, ის სიყვარული, რომელსაც თითოეული ტყიბულელის თვალებში ვხედავ, მადლობა ამ სიხარულისა და თანადგომისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტს და ყველა გულშემატკივარს“ - განაცხადა ილია სულამანიძემ.
საგანგებოდ მოწვეულ სტუმარს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს, კი, სამახსოვრო საჩუქარი და ქართული ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა . ,,სასიხარულოა, რომ შევიკრიბეთ ილიას მიღწევებისა და წარმატებები გამო. ტყიბულელებისა და საქართველოს სანაქებოდ კი ვიტყვი, რომ ილია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, ძალიან ძლიერი სპორტსმენი გვეზრდება მისი სახით. როგორც ნაკრების მწვრთნელს ის მეიმედება, ილია აძლიერებს ეროვნულ ნაკრებს. ტყიბულელებს კი,- ვუსურვებ, რომ დიდხანს და ბევრჯერ ეხაროთ ილიას ასპარეზობით. ვულოცავ ასევე მის პირად მწვრთნელს ამ დიდ წარმატებას. ვფიქრობ, ილიასთვის ეს იყო ბრწყინვალე წელიწადი და მჯერა, შემდეგშიც ასე გაახარებს მთელ საქართველოს და მშობლიურ ქალაქს“ - აღნიშნა ლაშა გუჯეჯიანმა.
დავით ჩერქეზიშვილმა ტყიბულში ძიუდოს განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებაც ისაუბრა: - ,,მოგეხსენებათ, რომ ტყიბულს აქვს ძალიან ტრადიციული ძიუდოს სკოლა და შემთხვევითი არ არის, რომ ისეთი წარმატებული სპორტსმენი, როგორიც ილიაა, ტყიბულელია. ჩვენი დიდი სურვილია ძიუდო ტყიბულში კიდევ უფრო განვითარდეს და პოპულარული გახდეს. მერია მაქსიმალურად შეეცდება მხარი დაუჭიროს ძიუდოს სკოლის განვითარებას, რათა ის იყოს ერთ-ერთი წარმატებული სკოლა საქართველოში და ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდების აღმზრდელი კერა, რომელსაც ილიას მომავალი წარმატებები დიდად შეუწყობს ხელს“.
ილია სულამანიძე მიმდინარე წლის 5 - 7 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 100კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს დაეუფლა და უკვე მესამედ ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა სამშობლოში.
კომენტარები გამორთულია