ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაავადების უპრეცედენტოდ მაღალი ციფრი - 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი შტამის, ომიკრონის, ცირკულირებას უკავშირდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების რაოდენობამ იმატა. დღემდე სულ 4420 დადასტურებული ფაქტია აღრიცხული, აქედან გამოჯანმრთელდა - 4159, ამჟამად იზოლაციაში იმყოფება 134 პირი, ხოლო გარდაცვლილია 80 ადამიანი.
თუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდში გამოვლინდა 206 დადებითი შემთხვევა, მიმდინარე თვეში 1 იანვრიდან ეს ციფრი 213-ია. ერთი შეხედვით სხვაობა არც ისე დიდია, მაგრამ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მადონა ქასრაძე, აცხადებს, უკანასკნელ დღეებში მატების ტენდენცია იგრძნობა, რაც სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდში მზარდი იქნება. ძირითადად ამ დრომდე ოჯახური კლასტერებია დომინანტი.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე ტრადიციულად ჩატარდა გეგმიური კვლევა პედაგოგებში, სწრაფი და PSR ტესტების მეშვეობით, შედეგად გამოვლინდა 2 დადებითი შემთხვევა.
შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაცია მუნიციპალიტეტში სამივე ტიპის ვაქცინის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ 50 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო, 31 იანვრის ჩათვლით, აცრის პირველი დოზის ჩატარების შემთხვევაში, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს გასცემს.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “ტყიბულის ეპიდვითარებაში ზრდის ტენდენციაა”
კომენტარები გამორთულია