ნიკა ოდიკაძე „ტყიბულის ეტალონი მოსწავლეა“

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი,“ რომლის მიზანიცაა, სწავლა-განათლებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით,  ახალგაზრდების კრეატიულად და თამაშ-თამაშით დაინტერესება-მოტივირება,

წელს განახლებული ინტერნეტ-პლატფორმით დაუბრუნდა საკონკურსო ფორმატს.  დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეთათვის იყო დაშვებული. შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ტესტირებისათვის განკუთვნილი დროის პერიოდში, მოსწავლეს სასურველი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპო, კომპიუტერი) ტესტის გავლა 21 ოქტომბერს შეეძლო.

ტყიბულის საჯარო სკოლებიდან, კონკურსში ჩართვის შემდეგ, პირველი ეტაპი წარმატებით 69 მაღალქულიანმა მოსწავლემ გადალახა.ისინი ერთმანეთს მეორე ტურში, 27 ოქტომბერს, „ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის შეეჯიბრნენ. სპეციალური პორტალი ტესტის გასავლელად 10:00-დან 16:00 საათამდე იყო ხელმისაწვდომი.

  კონკურსანტებისათვის 20-20 კითხვა იყო დასმული, სადაც სწორი პასუხი - 5 ქულით, პასუხისაგან თავის შეკავება კი 2 ქულით ფასდებოდა. თითოეულ კითხვაზე მოსაფიქრებლად მონაწილეებს 30 წამი ჰქონდათ. შედეგად, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ტყიბულის დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2021 წლის ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. საპატიო ტიტული N4 საჯარო სკოლის XI კლასელმა, ნიკა ოდიკაძემ, მოიპოვა. 

ჩვენ გამარჯვებულს დავუკავშირდით და კონკურსის დეტალებზე გავესაუბრეთ. ნიკამ „ეტალონში“ მონაწილეობის გამოცდილება 2019 წელს მიიღო, თუმცა მაშინ პირველი ტურიდან გამოეთიშა თამაშს.

„ამჯერად, II ტურში რომ გადავიდოდი, ამის იმედი მქონდა, თუმცა გამარჯვებას არ ველოდი, არ ვიყავი საკუთარ თავში და ძალებში ასე დარწმუნებული, რადგან კითხვები საინტერესო, თუმცა ამავდროულად რთულიც იყო,“ - ამბობს „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“. მართალია მიღწეული შედეგი, 85 ქულა 6 წუთსა და 39 წამში, ტესტირების პროცესშივე გაიგო, თუმცა საკუთარი გამარჯვების შესახებმხოლოდ რამდენიმე საათში შეიტყო, როდესაც კონკურსის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და „ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიულოცეს. ნიკამ სპეციალური დიპლომიც მიიღო, ხოლო მეორე ტურის ყველა მონაწილე ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდა. რეიტინგში მეორე შედეგი - პირველსკოლელმა ნინო ხუხუნმა, ხოლო მესამე - გურნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ქეთევან ხორხომელიძემ, აჩვენეს.

 ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მესამე ონლაინ ტური სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება, სადაც უკვე „2021 წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

კონკურსის დისტანციური ფორმატის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებაა.

 

ნათია მურუსიძე

 

29 thoughts on “ნიკა ოდიკაძე „ტყიბულის ეტალონი მოსწავლეა“

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.