შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის II ეტაპი დაიწყო,
სადაც პირველ სასკოლო ეტაპზე შერჩეული VIII-XII კლასების მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომებია წარმოდგენილი. სხვადასხვა საგნობრივ სექციაში მიღებული ნამუშევრების შეფასება, განხილვა და რეცენზირება საკონფერენციო კომისიის მიერ მოხდება. რომელთა შორის, მოწვეული ქალაქის საჯარო სკოლების სერთიფიცირებული მასწავლებლები და ასევე, სასახლის პედაგოგები არიან.
აღნიშნულ ეტაპზე შერჩეული საუკეთესო თემების ავტორები ქუთაისში, ზონალურ ტურში ჩაერთვებიან, ხოლო დასკვნითი ეტაპი თბილისის ეროვნულ სასახლეში მოეწყობა.
ღონისძიება ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებითა და ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით იმართება. მისი ძირითადი მიზანია: სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავება; დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარის განვითარება; მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება მეცნიერებისა და კულტურის ამა თუ იმ დარგის დასაუფლებლად; საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების ჩატარება; ტექნიკური შემოქმედების ნიმუშების დამზადების ჩვევების გამომუშავება; წერილობითი ნაშრომის მომზადება და საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაცვა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მონაწილეობს, მას ტრადიციული ხასიათი აქვს და მიმდინარე წელს აქტივობა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180-ე წლისთავს ეძღვნება.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “მოსწავლეთა სასახლემ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას უმასპინძლა”
კომენტარები გამორთულია