74529810_3175543002515820_56

მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მოსახლეობას მიმდინარე, 2019 წელს, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, მუნიციპალურ თეატრში საჯარო შეხვედრაზე წარუდგინა.

  მერმა პირველად ტყიბულის ქვანახშირის შახტებში ახალი მმართველის შემოსვლაზე და თითქმის ერთი წლის წინ შეჩერებული სამუშაო პროცესის განახლებასა და მუნიციპალიტეტისათვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

  თემურ ჩუბინიძემ მოსახლეობას 2019 წლის განვლილ პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 6 მილიონ 463 ათას 517 ლარით 135 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ბეტონის საფარით მოეწყო შიდა გზები 11 სოფელში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს, საჯარო სკოლებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებსა და სახურავებს, სამედიცინო ამბულატორიებს. ქალაქის 43 ქუჩაზე და ტყიბული-ქუთაისის გზაზე რეაბილიტირდა გარე განათების ქსელი, სადაც ძველი სანათები ახალი, თანამედროვე ტიპის სანათებმა ჩაანაცვლა. მიმდინარეობს გელათის მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის, ქალაქის N2 და გელათის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. 3 სოფელში (გურნა, ჯვარისა, სოჩხეთი) პირველად გაიხსნა საბავშვო ბაღები. საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში ეწყობა სასმელი წყლის 9 კილომეტრიანი მაგისტრალი და რეზერვუარები.

  ხრესილში, ახალსოფელში, გელათში, მოწამეთასა და ორპირში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. ორპირი-სოჩხეთის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, 15,7 კილომეტრიანი მონაკვეთის, რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარეობს N7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობა.

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 46 სოფელში 97 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 532 ათასი ლარი დაიხარჯა.

  სტიქიის პრევენციის პროგრამით კი, - რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს საყრდენი კედლის აღდგენა, ხოლო სტიქიის ლიკვიდაციის პროგრამით მრავალბინიანი კორპუსების სახურავების განახლება თითქმის დასრულებულია.

  მაღალმთიანი დასახლებების ფონდის დაფინანსებით სოფელ მუხურაში მოეწყო 578 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარიანი გზა.

  ტყიბულსა და საწირეში გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები.

  2020 წლიდან ტყიბულში წყლის გამწმენდი ნაგებობისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა იგეგმება.

  მომავალ წელს, ასევე, დაგეგმილია ქალაქისა და სოფლების შიდა გზების, სამედიცინო ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, სპორტულ-განმაჯანსაღებელი ცენტრის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებისა და ფასადების რეაბილიტაცია.

  მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა სოციალური სფეროს შესახებ. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 29 კატეგორიისა და მიმართულების დასაფინანსებლად გამოიყო 365 ათასი ლარი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქვეპროგრამებზე გადანაწილდა. საუბარი შეეხო უფასო სასადილოს, სოციალური სამრეცხაოს, „შინ მიტანის სერვისის“ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ „ტყიბულის განვითარების ფონდისა“ და მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის „შინ მოვლის სერვისის“ ფარგლებში შერჩეულ 30 ბენეფიციარს თვეში ოთხჯერადი ინტენსივობით მიეწოდება საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების კომპლექსი.

  2019 წელს სარეზერვო ფონდიდან, მერის ბრძანების საფუძველზე, დახმარება გაეწია 93 მოქალაქეს.

  წარმოდგენილ ანგარიშში მერმა აღნიშნა, რომ, განათლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ყველა ხარჯის დაფინანსება. მან ასევე ხაზი გაუსვა წლის განმავლობაში განხორციელებულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებს.

  თემურ ჩუბინიძემ განსაკუთრებული აქცენტები გააკეთა ტურიზმის განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისათვის ეს პრიორიტეტული საკითხია და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ კუთხით. სწორედ ამიტომ ხორციელდება გელათის მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაციაც. მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვს „ცხრაჯვარსა“ და ცუცხვათის მღვიმოვანს. მუნიციპალიტეტის მიერ მომზადდა „ცხრაჯვარის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის რეალიზაციის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა პოტენციურ ინვესტორებთან.

მარი ბაბუხადია