მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით, უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. აღნიშნულმა პირებმა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ახლადრეაბილიტირებული ლიფტები დაათვალიერეს. მათი განახლება ჩვენს ქალაქში რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, ამ დროისათვის კი ხუთი ერთეული ლიფტი აღდგა: ახობაძის N2 (I სადარბაზო), თბილისის N4 (III სადარბაზო), გამსახურდიას N22 (II სადარბაზო), თაბუკაშვილის N14 (III სადარბაზო) და ტყვარჩელის N32 საცხოვრებელ კორპუსებში. ამისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 99 ათას 900 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შ.პ.ს „ბერძელქვა 20-მა“, შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ქალაქში არსებული სულ 33-დან 19 ლიფტია განახლებული.

  მუნიციპალიტეტის მერი, მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, ჯალაღანიას N9 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის პროცესს დაესწრო. აქ 760 მ² სიგრძისა და 12 სმ სისქის ბეტონის საფარი იგება, რაც, სავარაუდოდ, დღესვე დასრულდება. გარდა ამისა, ამავე ეზოში მოეწყო ბეტონის 13 მეტრამდე სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის (ფუნდამენტის გარეშე) საყრდენი კედელი. შიდა ეზოების რეაბილიტაციას 9 მიმართულებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შ.პ.ს „მიმდები“, აწარმოებს.

  სამუშაოები, გარდა ჯალაღანიას ქუჩისა, მეშახტის N6-ის ეზოშიც მიმდინარეობს, რომელიც, ასევე, დასრულების პროცესშია. დანარჩენი 7 კი, უკვე მოწყობილია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი ადგილობრივია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სატენდერო ღირებულება 586 ათას 892 ლარს შეადგენს.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია