კისორეთში წმ. გიორგის სახელობის ისტორიული ტაძარი ეკურთხა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კისორეთში წმინდა გიორგის სახელობის ისტორიული ტაძარი აღდგა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგი (შალამბერიძემ), აკურთხა.

ტაძრის კურთხევას სასულიერო და საერო პირები, ადგილობრივი მცხოვრებლები, ძირითადად კი მთელი საქართველოდან საგანგებოდ ამ დღისათვის შეკრებილი ლომთაძეების საგვარეულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამეუფეო წირვას ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯვარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისიდორე ლომთაძე. XI საუკუნეში აშენებული კარის ეკლესიას ოსტატის მიერ ამოტვიფრული ხელის ანაბეჭდის კვალი შესასვლელი კარის თავთან დღემდე ეტყობა. გარდა ამისა, მის კედლებზე შემორჩენილი ფრესკებიც სიძველის ნიშნების მატარებელია. ტაძარს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, რის გამოც 2005-08 წლებში მას ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. განახლდა სახურავი და ნაგებობას გარედან გამაგრებები გაუკეთდა. აღდგენის პროცესში ლომთაძეების გვარის წარმომადგენლები, ავთანდილ და ბესიკ ლომთაძეები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები შეწყდა. ამის შემდეგ ლომთაძეების საგვარეულოს წევრთა მიერ გაღებული შემოწირულობების შედეგად, რომელშიც მონაწილეობა, ადგილობრივებთან ერთად, უცხოეთში წასულმა გვარის წარმომადგენლებმაც მიიღეს, ტაძრის განახლებისათვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის შეძენა მოხდა. როგორც სოფელში ჰყვებიან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ლომთაძეების გვარის მიერ ყოფილა აგებული, რომლებიც კისორეთში IX საუკუნეში დასახლებულან. სწორედ ამ გვარის შვილები საუკუნეების განმავლობაში ჰპატრონობდნენ ტაძარს, სადაც ღვთსმსახურება XX საუკუნის დასაწყისამდე მიმდინარეობდა. კოლექტივიზაციის შემდეგ და ათეისტური რეჟიმის დადგომასთან ერთად შენობა დანგრევას იმით გადაურჩა, რომ მას საწყობად იყენებდნენ. მისი კედლები კისორეთის ადგილობრივი კარიერიდან მოპოვებული ტუფის ქვითაა აგებული და მშენებლობა თამარ მეფის პერიოდს, XI საუკუნის დასასრულსა და XII საუკუნის დასაწყისს, უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ეზოში დაკიდებული ზარიც (ჯერ-ჯერობით სამრეკლოს გარეშე) სამ-ოთხ საუკუნეს ითვლის, რომელიც იმ პერიოდში სოფელს შეუძენია და თავისი მოცულობით გამორჩეულია, 300 კგ.-ს იწონის და მისი ჟღერადობა 18 კმ.-ის მანძილზე აღწევს. ამ ზარის შენარჩუნებაშიც დიდი წვლილი ავთანდილ ლომთაძის ოჯახს მიუძღვის. ასევე, მნიშვნელოვანია ღვთისმსახურების აღდგენის პროცესში სიქთარვის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მამა მარტინე ლომთაძის, თანამონაწილეობა. ეზოში საგვარეულო ძველი საფლავები და ქვისგან გამოკვეთილი მცირე ქანდაკებები გვხვდება. 2008 წლის შემდეგ დღემდე ტაძარი კონსერვირებული იყო. დღეიდან კი კისორეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი მოქმედი ხდება, სადაც ღვთისმსახურებას, თვეში ერთხელ, უკვე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა სტეფანე დოღონაძე, აღავლენს. ტაძრისაკენ მიმავალი 160 მეტრიანი ბეტონის გზა აქ გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთდა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია