ილია სულამანიძეს მშობლიურ ქალაქში საზეიმოდ დახვდნენ

  ტყიბულელ ფალავანს, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორს, ილია სულამანიძეს, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. აღნიშნული ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაია ბრეგაძე, უძღვებოდა. 19 წლის ილიამ უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, 100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ღირსეული ბრძოლით მოიპოვა და გულშემატკივრების გული ამ უმნიშვნელოვანესი წარმატებით განუსაზღვრელი სიხარულითა და სიამაყით კიდევ ერთხელ აავსო.

      ჩვენი ქალაქისა და მთელი ქვეყნის საამაყო, ახლა უკვე 20 წლის წარმატებული ძიუდოისტი, ილია სულამანიძე არის: ევროპის ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში, მსოფლიოს ვერცხლის მედლის მფლობელი ახალგაზრდებში, მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დიდებში.

     ყველა ტყიბულელისათვის საყვარელ ახალგაზრდა ჩემპიონს საზეიმო განწყობითა და ემოციებით მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ტყიბულელი ახალგაზრდები და გულშემატკივრები დახვდნენ.

  მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, სპორტული ცენტრის დირექტორმა, ვარლამ კობახიძემ და სხვებმა ილიას ბრინჯაოს მედალი გულთბილი სიტყვებით მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს ჩვენი ქალაქის წარმოჩინებისათვის და სამომავლო წარმატებები უსურვეს. ამასთან ერთად მას მერიისა და საკრებულოს სახელით  მოჭედილ ,მოოქროვილი ბიბლია საპატიო დიპლომთან ერთად გადასცეს.   

  „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას დახვედრისათვის, ვხედავ რომ ვინც აქ დგას თვალებში დიდი სიხარული და სიყვარული აქვს. მადლობა ტყიბულის მუნიციპალიტეტს არამარტო დღევანდელი დღისთვის, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის, ჩემს პირად მწვრთნელს, გია ობოლაძეს, რომელსაც თავი არ დაუზოგავს ჩემი წარმატებისათვის, ჩემს ოჯახს, სიყვარულისა და გვერდით დგომისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ტყიბულელი გულშემატკივარია, მათგან მიღებული ენერგია და მოტივაცია, ვაგრძელებ თავდაუზოგავ შრომას იმისათვის, რომ ჩემი შედეგებით კვლავ გავახარო ტყიბული და მთელი საქართველო.“ - აღნიშნა ილია სულამანიძემ.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია