74477109_3202423733161080_2568697619069009920_o

თეატრში მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამო სათაურით, „მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე სიტყვით ქებული, საქმით ქებული“ გაიმართა. ღონისძიება  მუნიციპალიტეტის იმ 54 ღვაწლმოსილ პედაგოგს მიეძღვნა, რომელმაც ნებაყოფლობით აირჩია 2019 წელს სახელმწიფოსაგან ფულადი ჯილდო მიეღო და საჯარო სკოლა დაეტოვებინა. აქვე გაიმართა საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის, „მუნიციპალიტეტის წლის მასწავლებლის“, სამ ნომინაციაში გამარჯვებულთა დასახელება და დაჯილდოება. აღნიშნული კონკურსის ძირითადი მიზანი იყო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა-გაზიარება და ჩვენი საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენა. საბოლოო ეტაპზე 11 მონაწილე გადავიდა, კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებსა და პორტფოლიოებს ჟიური აფასებდა. ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ:

  „ტყიბულის მუნიციპალიტეტის წლის ღვაწლმოსილი პედაგოგი“ - ნანი ამბროლაძე (N6 საჯარო სკოლა), მურმან მურუსიძე (ახალსოფლის საჯარო სკოლა);

  „ტყიბულის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო კლასის დამრიგებელი“ - თინათინ გიორგაძე (კურსების საჯარო სკოლა);

  „ტყიბულის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო მასწავლებელი“ - ელისო მაწკეპლაძე (გელათის საჯარო სკოლა).

  ადგილობრივი თვითმმართველობისაგან როგორც მოწვეული ღვაწლმოსილი პედაგოგები, ისე ნომინაციებში გამოვლენილები სამადლობელი ბარათებით, დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დასახელებულ გამარჯვებულებს, გარდა ამისა, ფულადი პრიზებიც გადაეცათ.

  პედაგოგები საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა, ირინე კორძაიამ, დაასაჩუქრეს, წარმატება მიულოცეს მათ და მადლობა გადაუხადეს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.

  გარდა ამისა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისაგან პედაგოგიურ საქმიანობაში, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ პედაგოგებს: დარეჯან ბაკურაძეს (ორპირის საჯარო სკოლა), ცისანა ქოქოსაძეს (N6; N2 საჯარო სკოლა), თინათინ გიორგაძეს (კურსების საჯარო სკოლა), მურმან მურუსიძეს (ახალსოფლის საჯარო სკოლა), ნანი ამბროლაძეს (N6 საჯარო სკოლა), დოდო ქათამაძეს (N6 საჯარო სკოლა).

  მასწავლებლებისადმი მიძღვნილ საღამოს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი,ღონისძიების სცენარის ავტორი, მაია ბრეგაძე, უძღვებოდა. მხარტვრული ნომრებით მასში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული, ვოკალური და მუსიკალური ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მოსწავლე-ახალგაზრდები.

  ღონისძიება  ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო.

მარი ბაბუხადია