001

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

  ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2019-20 სასწავლო წელი დაიწყო. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 2212 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის, 191 პირველკლასელია. N1 საჯარო სკოლაში რეგისტრაცია გაიარა - 38 - მა; N2 - ში - 1; N4 - ში - 8; N5 -ში - 15; N6 - ში - 46; N7 - ში 8 - პირველკლასელმა მოსწავლემ. გასული წლების მსგავსად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან ,,მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში ყველა მოსწავლე ახალ სასწავლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. პირველკლასელებს კი, ასევე, გადაეცემათ  დედაენის ახალი გრიფირებული წიგნები, ხოლო მე-7 კლასებში წელს შევა ახალი, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები ახალი პროგრამებითა და საათობრივი ბადით. როგორც წინა წლებში, ახლაც ყველა პირვეკლასელი საჩუქრად მიიღებს ტექნიკური მახასიათებლებით გაუმჯობესებულ პორტაბელურ კომპიუტერებს.

   საჯარო სკოლებს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ მოსწავლეებს, სკოლების დირექციას, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, ხოლო პირველკლასელებს საკლასო ოთახებში ეწვივნენ, გაესაუბრნენ და მათთვის კომპიუტერების საზეიმოდ გადაცემის პროცესშიც ჩაერთვნენ.

    ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით  მიმდინარებს N2 საჯარო სკოლის დემონტაჯის პროცესი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი 150 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლაზე. ამჟამად მიმდინარეობს N7 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

მარი ბაბუხადია

003 004 005 006 007 008 009