33221

საკრებულოს გასვლითი სხდომა ორპირში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასვლითი სხდომა ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლაში ჩატარდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მოადგილეებთან, თანამომხსენებლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდა. წარმომადგენელობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ქვორუმის შესაბამისად, სხდომა გახსნილად გამოაცხადა. დღის წესრიგი განსახილველად 8 საკითხს მოიცავდა, რომელთაგან პირველი იყო დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ. იგი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა. შემოსავლების ნაწილში, მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, 212 ათას 600 ლარი გამოიყო, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, სოფელ მუხურის შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობისათვის, ხოლო 290 ათასი ლარი - სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. 127 ათას 200 ლარით გაიზარდა საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი თანხა. ასევე, ცვლილებები შეეხო სხვა მუხლებსაც და ჯამში შემოსავალმა 531 ათას 200 ლარი შეადგინა. სამსახურის უფროსმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ ანგარიშიც გააცნო დეპუტატებს.

  6 თვის ანგარიშით წარდგა საკრებულოს წინაშე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსიც. მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ამ ეტაპისათვის ორი უსახლკარო ოჯახისათვის შეძენილია ბინა, დახმარება გაეწია 606 მოქალაქეს. მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან“ ერთობლივად განხორციელებული შინმოვლის პროგრამა, რომლითაც ამ ეტაპზე 24 ბენეფიციარი სარგებლობს და თვეში ოთხჯერადი ინტენსივობით მიეწოდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურების კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან ამ პროგრამის დაფინანასებას მუნიციპალიტეტი სრულად თავის საბიუჯეტო ვალდებულებად აიღებს. აღსანიშავია, რომ უფასო სასადილოში, ამოქმედდა შინ მიტანის სერვისი, რომლითაც  110-დან 8 ბენეფიციარი სარგებლობს.

  2019 წლის იანვრიდან, საანგარიშო პერიოდში, დღემდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე, ასევე, მათ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე ისაუბრა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. ხოლო შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა - პირველ კვარტალში ჩატარებულ აუდიტორულ შემოწმებაზე - ა.(ა.)ი.პ. „ტყიბულის სპორტული ობიექტების გაერთიანებასა“ და ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის კომუნალურ სამსახურში.“

  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები იქნა, ასევე, სათითაოდ წარმოდგენილი მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის, გარდა ამისა, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითრებისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურების ხელმძღვანელების მიერ. საკრებულომ თითოეული განკარგულების პროექტი ცნობად მიიღო და დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

ნათია მურუსიძე