,,მეშახტე“ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებში, რომელიც დასასრულს უახლოვდება, საკუთარ მოედანზე ბოლო 9 ტურია, არ დამარცხებულა (5 მოგება; 4 ფრე). ამ დროისათვის ბოლო შეხვედრა, რომელიც ისე, როგორც წინა საშინაო მატჩები, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფოთის ,,კოლხეთთან“ და ფრედ ანგარიშით - 0:0 დასრულდა.
,,მეშახტემ“ ჩემპიონატის ფარგლებში 25 შეხვედრიდან 8-მოგებით, 6-ფრედ და 11- წაგებით დაასრულა. ამჟამად მის ანგარიშზე 30 ქულაა და სატურნირო ცხრილში მერვე-მეათე პოზიციას ჩოხატაურის ,,ბახმაროსა“ და ხობის ,,კოლხეთთან“ ერთად ინაწილებს. ,,ლიგა 3-ის“ თამაშებში ამ სეზონზე სულ 14 გუნდი ასპარეზობს, შემდეგი შეხვედრა 2 დეკემბერს გორში ,,გორთან“ გაიმართება და ასპარეზობაც მიმდინარე ჩემპიონატზე ამით დასრულდება.
როგორც საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჩაკვეტაძემ, საუბრისას აღნიშნა, გუნდმა შეძლო ეროვნულ ,,ლიგა 3-ში" დარჩენა, რაც ამ სეზონისათვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა კლუბისათვის, ვინაიდან ,,მეშახტეს“ დაფინანსება მიმდინარე წლისათვის მცირე თანხით, მხოლოდ 150 ათასი ლარით განისაზღვრებოდა. არსანიშნავია, რომ გუნდმა წინა წელს ,,ლიგა-3“ დატოვა და ,,მეშახტეს“ დაფინანსება 250 ათასიდან 150 ათასამდე შემცირდა, მაგრამ ფედერაციის გადაწყვეტილებით მოხდა ლიგა3-ის გუნდების შემადგენლობის 14_მდე გაზრდა, რამაც ,,მეშახტის", აღნიშნულ ლიგაში დარჩენა განაპირობა, თუმცა დაფინანსების ოდენობა ისევ 150 (ათასი ლარი) დარჩა. შემდეგი სეზონიდან კი, ,,მეშახტეს“ ბიუჯეტი 250 ათასი ლარი იქნება, ისე როგორც ,,ლიგა 3-ის“ დანარჩენი გუნდების, რაც კლუბმა აღნიშნულ ლიგაში დარჩენით მოიპოვა, ეს კი მას მისცემს საშუალებას საგრძნობლად გაიუმჯობესოს მდგომარეობა და წინსვლისა და წარმატებისათვის ახალი მიზნები და ამოცანები დაისახოს.
,,მეშახტეს“ გუნდს მიმდინარე წლის ივნისიდან მთავარ მწვრთნელობას მოწვეული დავით ბურკაძე უწევს, ამ პერიოდში გუნდს გამართული 15 ტურიდან 6-მოგება, 4-ფრე და 5-წაგება აქვს, მათ შორის ბოლო 9 დაუმარცხებელი შეხვედრა საკუთარ მოედანზე.
აღსანიშნავია ისიც რომ სეზონის დასაწყისშივე მოხდა გუნდის შემადგენლობის მთლიანად განახლება, ხოლო მეორე წრიდან კი,- რამდენიმე ფეხბურთელის ახლით ჩანაცვლება. შემდეგ ჩემპიონატზე, რომელიც მომავალი წლის მარტში დაიწყება, ლიგა 3-ის თამაშებში 16 გუნდი იქნება ჩართული. კლუბის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ახალი სეზონისათვის კიდევ იგეგმება გუნდის შემადგენლობის განახლება, გარდა ძირითადი ბირთვისა, დღეისათვის მათ შორის,- ორი ტყიბულელია, მომავალ სეზონიდან კი,- კიდევ სამი ადგილობრივი ფეხბურთელი დაემატება.
,,ჩემი სურვილია შეძლებისდაგვარად ხელი შეეწყოს ადგილობრივ ,,ბავშვთა ფეხბურთის“ განვითარებას, რათა სამომავლოდ შევძლოთ გუნდის რაც შეიძლება მეტი ტყიბულელი მოთამაშით დაკომპლექტება, აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს და თითოეულ ფეხბურთელს გაწეული შრომისათვის, მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს ,,ბავშვთა ფეხბურთის“ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის და ,,ტყიბულის მთის ჩაის“ (დირექტორი-ლავრენტი ცქიფურიშვილი) კლუბის მიმართ გაწეული ფინანსური მხარდაჭერისათვის, ასევე ყველა ერთგულ გულშემატკივარს ფეხბურთელების გამხნევებისა და მათთვის მიცემული სტიმულისათვის.“ აღნიშნა - თემურ ჩაკვეტაძემ.
მარი ბაბუხადია
.
1 კომენტარი “`,,მეშახტე" ლიგა-3 –ში დარჩება”
კომენტარები გამორთულია