დედა-შვილის, ნანული და შოთიკო ბარაბაძეების მონატრება

  ძალიან ძნელია, ძვირფასო ადამიანებო, თქვენზე წარსულში საუბარი! აუტანელია უთქვენობა, ტკივილამდე მისული მონატრება! მოვიდა გაზაფხული თქვენს ეზოში... უთქვენოდ გვიწევს, შევეგებოთ ამ დღესაც - 8 მარტს, ერთ დროს დიდი სიხარულით რომ აღვნიშნავდით, რადგან ოჯახის ერთადერთი ვაჟკაცის დაბადების დღე იყო.

  ნანული! ცრემლიანი თვალებით გეძებთ ყველგან, გიგონებთ და ქედს ვიხრით შენი ლამაზი სულის წინაშე! ზეციურ სასუფეველში გილოცავთ გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს, პირველად საკუთარმა ვაჟკაცმა რომ გაგილამაზა ამქვეყნად თავისი მოვლენით! ალბათ, წინასწარ გრძნობდი შენი შვილის სასტიკ ბედისწერას და მანამდე გაეცალე ამ ცოდვილ ქვეყანას... ჩვენზე ბედნიერი აღმოჩნდი, რადგან ღმერთმა ეს უდიდესი ტკივილი აგარიდა. ალბათ, დაგიფასდა შენი ადამიანობა, რაც ამ ქვეყნად გამოიჩინე. შენ ხომ უხვად იძლეოდი მაგალითს იმისას, თუ როგორი უნდა იყოს მოსიყვარულე დედა, ერთგული მეუღლე, მზრუნველი და ღირსეული და, მეგობარი, ნათესავი, საუკეთესო დიასახლისი და გულღია მასპინძელი. შენ ხომ, ბევრის გაღება და მცირედის დაფასებაც იცოდი!

  შოთიკო! მამის ერთადერთო ვაჟკაცო, ჩვენო დიდო სიხარულო და იმედო, ჩვენო ძლიერო ტკივილო და მოუთმენელო სევდავ... 8 მარტი შენი დაბადების დღეა! ვაი, რომ უშენოდ გვიწევს ცივ სამარესთან ამ დღის აღნიშვნა... ულმობელია წუთისოფელი! ბედმა სწორედ, მაშინ გიმტყუნა, როცა ყველაზე მეტად გინდოდა სიცოცხლე და სიყვარული... ავტოკატასტროფამ გიმსხვერპლა. უცებ ჩაიფერფლა შენი სიცოცხლე. ბევრი აუხდენელი ოცნება წაიყოლე თან და ბევრი ნატვრა დაგვიტოვე ჩვენც... შენი მოულოდნელი სიკვდილით გამოწვეული ელდა იმდენად მძიმე და გამაოგნებელი იყო, რომ თავზარი დაგვცა, გაგვანადგურა... მეხივით გავარდა ეს ამბავი ჩვენს პატარა ქალაქ ტყიბულში, სადაც ყველა მართალ და კაცურ კაცად გიცნობდა!

  მკაცრი და დაუნდობელი გამოდგა ეს ცხოვრება დედა-შვილისთვის! უფრო რთული და გაუსაძლისი კი თქვენი ახლობლებისათვისაა, რომლებსაც უთქვენოდ გვიწევს სიცოცხლის გაგრძელება! დაგვიტოვეთ უზარმაზარი, ამოუვსები სიცარიელე და დიდი გაუსაძლისი ტკივილი! უთქვენობით ცარიელი დღეები საოცარი სისწრაფით მიქრიან. ამბობენ: „დრო ყველაფრის მკურნალიაო,“ მაგრამ, ვაი, რომ ვერავითარი დრო ვერ შეძლებს ამ დიდი ტკივილის ოდნავ მაინც განელებას! მხოლოდ ერთი იმედი გვასულდგმულებს: თქვენს ოჯახში სიცოცხლე გრძელდება პატარა მათეში, შვილიშვილსა და დისშვილში, რომელიც სურათებში გცნობთ და თავისი პაწია ხელებით გეფერებათ!

  ჩვენ ისევ მოვალთ ამ დღეს თქვენთან, სამარეს ყვავილებით მოვრთავთ და ცრემლებით დავასველებთ, აგინთებთ წმინდა სანთლებს და ღმერთს შევთხოვთ, დაგიმკვიდროთ მარადიული სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!

ღრმად დამწუხრებული თქვენი ოჯახი: და და დეიდა მაგო

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.