აგვისტოს ომის გმირთა საფლევებს პატივი მიაგეს

  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის თავზე ქვეყნისათვის თავდადებულ გმირებს, 8 აგვისტოს, წელსაც ტრადიციულად მიაგეს პატივი. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავები, მან კიდევ ერთხელ სიამაყით გაიხსენა გმირები, მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე და მადლობა გადაუხადა მათ ოჯახებს.
  შეგახსენებთ, რომ კაპრალი ნიკოლოზ ფორჩხიძე 24 წლის ასაკში სოფელ შინდისთან უთანასწორო შეტაკების დროს 16 თანამებრძოლთან ერთად დაიღუპა, რომელთაც შემდგომში „შინდისის გმირების“ სახელი ეწოდათ. ხოლო უმცროსი სერჟანტი ფრიდონ ბრეგაძე სოფელ ნიქოზთან რუსული ავიაციის იერიშის თავდასხმას, 21 წლის ასაკში, შეეწირა. ორთავეს მინიჭებული აქვთ მედალი გმირული მამაცობისათვის.
  რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად აგვისტოს 5 დღიან ომს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. ნიკოლოზ ფორჩხიძე დაკრძალულია სოფელ ძიროვანში, ხოლო ფრიდონ ბრეგაძე - სოფელ ბუეთში.
   ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ და ასევე, „საქნახშირის“ ადმინისტრაიამ აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს კომპენსაციის სახით 500-500 ლარი გადასცეს.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია