„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი, ბესიკ ზოსიაშვილი, დაიბადა 1987 წელს, ქ.ტყიბულში. დაამთავრა ტყიბულის N2 საშუალო სკოლა, 2008 წელს კი _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
პროფესიული საქმიანობა 2008 წელს დაიწყო და მუშაობდა საფინანსო სფეროს წამყვან თანამდებობებზე. იყო ტყიბულში „პრივატბანკის“ მმართველის მოადგილე. ასევე, სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში მას წამყვანი საფინანსო პოზიციები ეკავა. არის 34 წლის, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
- რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, მიგეღოთ გადაწყვეტილება, რათა კენჭი გეყარათ მერობის ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე?
- 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები არ არის მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის. 2 ოქტომბერს გაეცემა პასუხი კითხვას: დაბრუნდება თუ არა საქართველო ბნელ 90-იან წლებში, თუ დაუბრუნდება განვითარების გზას. დღეს დგას საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამ ბრძოლაში მთელი ქვეყანა უნდა ჩაერთოს, მათ შორის, ჩვენი ტყიბულიც. მე არ მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთ უიმედობაში იცხოვრონ. მე არ მინდა, რომ ეს ქალაქი დაცარიელდეს. ამიტომ თავს მოვალედ ვთვლი ამ ბრძოლაში ჩავერთო და რაც შემეძლება, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ კვლავ დაბრუნდეს წინსვლა, წარმატებები და მომავლის იმედი, რაც ასე ძალიან აკლია დღევანდელ ტყიბულს და მთელ საქართველოს.
- ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ყველაზე გლობალური 3 პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ გადაჭრას მოითხოვს.
- პრობლემები ტყიბულში ძალიან ბევრია, მათ შორის, სამს გამოვყოფდი: უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი, მოსახლეობის მიგრაცია.
- რა გეგმებით მოდიხართ?
- ქვანახშირის მრეწველობა ძალიან სპეციფიური დარგია, მას სისტემატიურად სჭირდება ხელისუფლებისაგან მხარდაჭერა და ყურადღება. 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში სრული ქაოსი იყო, ტყიბულის შახტებისთვის არავის ეცალა, ამიტომ იმ წლებში ქვანახშირის მრეწველობა ფაქტიურად აღარ არსებობდა. უმუშევარი იყო ათასობით მეშახტე და მათ ოჯახებს საარსებო წყარო წართმეული ჰქონდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაისახა და განხორციელდა ქვანახშირის მრეწველობის და შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები. კერძოდ: 2006 წელს აღდგა შახტების მუშაობა და 2011 წლისთვის მოპოვებამ 360 ათას ტონას მიაღწია, 2009 წელს გაიხსნა ქვანახშირის გადასამუშავებელი ფაბრიკა, 2011 წელს ექსპლოატაციაში შევიდა 13 მგვ. სიმძლავრის თბოელექტროსადგური და დიდი საწარმოო სიმძლავრის სამკერვალო ფაბრიკა. შეიქმნა ასობით სამუშაო ადგილი და ეს ყველაფერი იყო იმის შედეგი, რომ იმ წლებში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ტყიბულს, იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შვიდჯერ არის ჩვენს ქალაქში ნამყოფი. მათ შორის, რამდენჯერმე შახტშიც არის ჩასული, ხოლო 2011 წელს „ტყიბულქალაქობა“ მან პირადად მოულოცა ყველა ტყიბულელს. სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს სრულიად საპირისპირო მდგომარეობა. ტყიბული ახსენდებათ მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში, როდესაც მორიგ ტყუილ დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას. შედეგად მივიღეთ, გაჩერებული თბოელექტროსადგური, ფაქტიურად უმოქმედო სამკერვალო ფაბრიკა, შახტის მომავლის საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივები და მოსახლეობისაგან დაცლილი ქალაქი. გარდა ამისა, როგორც ოცნებას სჩვევია ტყიბულშიდაც ძალიან ბევრია იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც ოცნებამ 9 წლის განმავლობაში ვერა და ვერ მოაგვარა, მაგალითად: ყველას კარგად ახსოვს მუხურის საჯარო სკოლის დაწყებული და წლობით დაუმთავრებელი პროექტი, არადა ამ საქმეში მილიონობით ლარია გადაყრილი. ანალოგიური ხდება ქალაქის N2 და N7 საჯარო სკოლებში, სადაც წლებია სამუშაოები ვერა და ვერ დასრულდა. დიდი პრობლემებია ქალაქის წყლით მომარაგების საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულის გაზიფიცირება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მუნიციპალიტეტი დღესაც სრულად არ არის გაზიფიცირებული. ძალიან ბევრ გაჭირვებულ ოჯახს ოცნებამ სოციალური დახმარება შეუწყვიტა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მაშინ ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ეს ოჯახები.
- რას ჰპირდებით ტყიბულის მოსახლეობას?
- ყველაზე მთავარი რასაც გავაკეთებთ იქნება ის, რომ ტყიბული ისევ გახდება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, ტყიბული დაუბრუნდება ხელისუფლების მთავარ დღის წესრიგს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ განვაახლებთ ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებულ და ოცნების ხელისუფლების მიერ გაჩერებულ 300 მგვტ. სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელიც პარალელურად ითვალისწინებდა ასევე, შახტების მოდერნიზების საკითხს. შედეგად ქალაქს დავუბრუნებთ ასობით მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვისა და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პერსპექტივას. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვახდენთ განახლებადი ენერგიის წყაროების მონტაჟს. უმოკლეს დროში დავასრულებთ წლობით გაწელილი დაუსრულებელი პროექტების დასრულებას, მათ შორის: N2 და N7 სკოლების რემონტი, მუხურა-მუჯირეთის და ტყიბული-სოჩხეთი-ძმუისის, ასევე, ყველა სხვა სოფლების გზების რეაბილიტაციას. ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრით მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხს. სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დახმარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ქალაქში არსებული სპორტული კომპლექსები შესაძლებლობას მოგვცემს ტყიბული გახდეს რეგიონის წამყვანი სპორტული ცენტრი. საკმაოდ რეალურია მაღალი ხარისხის ინტერნეტით უფასო უზრუნველყოფა. მათ შორის სოფლის მოსახლეობისათვის.
2012 წელს როდესაც ქართული ოცნება ტყუილ დაპირებებს იძლეოდა, ურცხვად ატყუებდა მოსახლეობას, რომ თითქოს და ტყიბულს და მის სოფლებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოუხსნა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი. დღეს ყველასათვის ნათელი გახდა, რომ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი ტყიბულს 2016 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ მოუხსნა, ხოლო მოსახლეობის პროტესტისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ეს სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ სოფელ მუხურას აღუდგინეს. აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რათა ტყიბულს და მის სხვა სოფლებს ეს სტატუსი დაუბრუნდეს.
გელათის, მოწამეთას, მთასაყდარის მონასტრები, ასევე, ტყიბულის წყალსაცავი, ცუცხვათის მღვიმე და ოკრიბის უნიკალური ბუნება კარგ საფუძველს იძლევა ტურიზმის განვითარებისათვის.
- როგორია ამ „მარათონში" თქვენი გამარჯვების ფორმულა?
ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ტყიბულის ერთადერთი წარმატების ფორმულა არის ხელისუფლების შეცვლა, რისი საშუალებაც 2 ოქტომბერს ჩვენ ყველას გვექნება. უკომპრომისო ბრძოლა რეგრესისა და უკუსვლის წინააღმდეგ ეს არის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა.
ესაუბრა ნანა რაზმაძე
110 thoughts on “უკომპრომისო ბრძოლა რეგრესის წინააღმდეგ – ჩვენი გამარჯვების ფორმულაა”
კომენტარები გამორთულია