ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ტყიბულის რაიონისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

  ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბლის მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას ითხოვს და აქვეყნებს მიმართვას პრემიერ-მინისტრის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და იმერეთის მხარის გუბერნატორის სახელზე.

  ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,

  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის,

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს,

  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ გივი ჭიჭინაძეს

  ქალაქ ტყიბულის N57 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრის, ელისო ჩაფიძის

  მიმართვა

  ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, ბატონო კომიტეტის თავმჯდომარევ,
პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ზრუნვისათვის, რაც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების თვალსაზრისით მთავრობის ინიცირებულ კანონში გამოიხატა. ეს საკანონმდებლო აქტი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ათწლეულების განმავლობაში მოახდენს გავლენას საქართველოს რეგიონების განვითარებაზე.

  როგორც თქვენთვის ცნობილია, ტყიბულის რაიონის სოფლები: ახალსოფელი, ბუეთი, გურნა, დაბაძველი, კისორეთი, მუხურა, ოჯოლა, საწირე, თავად ქალაქი ტყიბული, სოჩხეთი, ცუცხვათი, ძიროვანი, ძმუისი, წყნორი და ჯვარისა, მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრის ზემოთ. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მეტად მძიმეა. მოსახლეობის 10 პროცენტამდე სოციალურად დაუცველია, მცირე და მწირიმიწიანობის გამო სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი ვერ იძლევა ოჯახების რჩენის საშუალებას, სიკვდილიანობა ბევრად აჭარბებს შობადობას და თუკი ასე გაგრძელდა, ტყიბულის რაიონს დაცლა ემუქრება. ჩვენი მდგომარეობა, ისევე, როგორც მდებარობა და ზღვის დონე, უთანაბრდება რაჭა-ლეჩხუმის დემოგრაფიულ და სოციალურ მდგომარეობას.

  ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, განიხილოთ ტყიბულის რაიონისა და მისი სოფლებისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭების საკითხი.

პატივისცემით
ელისო ჩაფიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი,, - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები გამორთულია