215_6550_01.MP4.Still001

საკრებულომ 9 პროექტი განიხილა

 

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეკრებილებმა დღის წესრიგის მიხედვით 9 საკითხის განიხილეს. განკარგულების ორი პროექტი შეეხებოდა ინფორმაციას 2019 წელს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ. გაირკვა, რომ 13 სკოლაში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი ახორციელებს მცირე აღდგენით სამუშაოებს, როგორებიცაა სველი წერტილებისა და იატაკის მოწყობა, ცენტრალური გათბობის მონტაჟი, ეზოს შემოღობვა თუ სხვა. მიუხედავად მთელი რიგი შეფერხებებისა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, მცდელობა, რომ სასწავლო პროცესის დაწყებას ხელი არ შეეშალოს, მათი მხრიდან მაქსიმალურია. რაც შეეხება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას,“ მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი 532 ათასი ლარით, 47 სოფელზე, 98 პროექტი დაფინანსდება. ძირითადად შერჩეულია ბეტონის საფარის მოწყობისა და მოხრეშვითი სამუშაოები, ასევე, გარე-განათების მონტაჟი. აღნიშნული პროექტები ვადებში მიმდინარეობს  და მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოსათვის დასრულებულ იქნება. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები სხდომაზე საგანგებოდ მოწვეულ მეწარმეებსაც დაუსვეს.

  2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე დადგენილების პროექტი წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა. მთავრობის განკარგულებით შემოსავლების ნაწილი გაიზარდა 350 ათასი ლარით, აქედან 200 ათასი ლარი - ტყიბულის N2 საბავშვო ბაღს, ხოლო 150 ათასი - სოფელ გელათის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის დაიხარჯება. გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 19 აგვისტოს წერილის საფუძველზე, ფონდებიდან გამოყოფილი თანხების დარჩენილი რესურსი, 29 ათას 300 ლარი, მიმართული იქნება, ასევე, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე.

  საკრებულომ მოისმინა ა.(ა)ი.პ.-ების მიერ 2019 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციები. კომუნალური გაერთიენების მიერ კეთლმოწყობის, გარე-განათების, დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მექანიზაციისა და საქალაქო ტრანსპორტის უზრუნველყოფის სერვისების ნაწილში განხორციელებულ საქმიანობაზე იქნა ყურადღება გამახვილებული. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობას, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვასა და ლოჯისტიკას, სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში პარაზიტული დაავადებების ეპიდკვლევას, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების მონიტორინგს და სხვა საკითხებს ახორციელებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სხდომაზე სრულად იქნა წარმოდგენილი.

  რაც შეეხება სპორტული ცენტრის საქმიანობას, აქ სპორტის თითოეულ სახეობაში მიღწეულ წარმატებებსა და შედეგებზე იქნა ყურადღება გამახვილებული. კულტურის ობიექტების გაერთიანების მიერ კი, წლის პირველ ნახევარში ცალ-ცალკე თვეების განმავლობაში, განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია საკრებულომ.

  ასევე, 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა შ.პ.ს საფეხბურთო კლუბ „მეშახტის“ დირექტორმა. გუნდი მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3 გათამაშებაში. პირველი წრის შედეგებით „მეშახტე“ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება.

  დეპუტატებმა ყველა საკითხი მოისმინეს და კენჭისყრით მიიღეს.

ნათია მურუსიძე