ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. მას დეპუტატებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, თანამომხსენებლები და ადმისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ იმერეთის სატყეო სამსახურის, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
სხდომის დაწყებამდე შეკრებილებმა, სოხუმის დაცემიდან 26-წლისთავთან დაკავშირებით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დღის წესრიგით წამოდგენილი ორი განკარგულების პროექტიდან პირველი შეეხებოდა საკრებულოს აპარატის უფროსის ანგარიშს 2019 წლის განვლილ პერიოდში ამავე აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. მეორე საკითხი კი, - ზამთრის სეზონისათვის მზადებისა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის მოსმენას უკავშირდებოდა.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა მერის წარმომადგენლების მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლა მოსახლეობის საშეშე მერქნით მომარაგების საკითხი. მომზადდა წერილობითი მასალა, რომელიც ასახავს ამ კუთხით, ამ დროისათვის, სოფლებში არსებულ რეალურ ვითარებასა და პრობლემებს. ასევე, წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია სათითაოდ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში საშეშე მერქნით მომარაგების თაობაზე. ამ საკითხების დეტალებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, დეპუტატებთან, ადმინისტრაციული ერთეულებისა და იმერეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს. მათ განიხილეს არსებული პრობლემები და მათი აღმოფხვრის შესაძლებობებზე ისაუბრეს, რათა მოსახლეობას დროულად მიეცეს ზამთრისათვის სათბობი შეშით მომარაგების საშუალება, ტყეკაფების გამოყოფის თვალსაზრისით.
სხდომაზე წარმოდგენილი ორივე პროექტი კენჭისყრით იქნა მიღებული.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია