215_0599_01.MP4.Still244.jpg.Still002

N6 საბავშვო ბაღის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა

  ტყიბულში ინფრასტრუქტურული ობიექტების რიცხვს კიდევ ერთი, გორგიძის ქუჩაზე მდებარე, ახალი, N6 საბავშვო ბაღი, შეემატა. შენობის საზეიმო გახსნას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოწვეული სტუმრები და რიგითი ტყიბულელები ესწრებოდნენ. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობა  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, იმერეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ხოლო საპატიო სტუმრის სტატუსით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2014-17 წლებში, რობიზონ გვენეტაძემ, მიიღეს. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო გასული წლის ზაფხულში ამ პროექტის განხორციელება.

  რეგიონული განვითარების ფონდიდან 357 ათასი ლარი დასავლეთ შახტის დასახლებაში მცხოვრები პატარებისათვის თანამედროვე სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობას მოხმარდა, სადაც სამუშაოები შპს „თ.ბ. კაპიტალმა“ განახორციელა. ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა ორ სასწავლო ჯგუფზეა გათვლილი. ფერადი და თანამედროვე ინტერიერის მქონე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათას 444 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, 15 ათას ლარამდე გარე საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა დაჯდა. ასე რომ სრულად გაზიფიცირებული, ცენტრალური გათბობით, გამართული ენერგო და წყალმომარაგების სისტემითა  და მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობილი N6 საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში შევიდა.

  ბაღის ადმინისტრაციის უფროსმა სტუმრებს ყველა ოთახი დაათვალიერებინა, შემდეგ კი ისინი სააქტო დარბაზში მცირე ღონისძიებაზე მიიწვია. პატარებმა ჯამბაზთან ერთად მხიარული განწყობა შექმნეს, რომლის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, გუბერნატორის მოადგილე, და ყოფილი გამგებელი სათითოდ მიესალმნენ ბაღის პედაგოგებს, მშობლებსა და აღსაზრდელებს და ახალ გარემოში ბევრი წარმატება უსურვეს მათ.

ნათია მურუსიძე