50999183_2424982064238588_7690119431451574272_o

ხრესილში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტები შეირჩა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების შერჩევა მიმდინარეობს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის კრებები ტარდება, სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელ პროექტებზე.

  საწირის შემდეგ საერთო კრებები ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, რომელიც სოფელ ხრესილიდან დაიწყო. შეხვედრებს მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, ზაზა ზოსიაშვილი, მერის წარმომადგენელი ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში, უჩა გაბრიაძე და ამავე თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კუბლაშვილი, უძღვებოდნენ. მათ შეკრებილ ადგილობრივებს აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ასევე, მის მნიშვნელობასა და პრინციპებზე ესაუბრნენ.

   ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში, საერთო კრებებზე, რომელიც ყველა სოფელში სათითაოდ გაიმართა, მოსახლეობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტულ საკითხთა შორის ძირითადად საუბნო გზების რეაბილიტაციის, წყლის სისტემებისა და გარე განათებების ქსელის მოწყობის პროექტები შეირჩა.

  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში 266 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო აქედან 41 ათასი ლარი კი, ხრესილის თემს მოხმარდება.

  აღნიშნული პროგრამა 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით ამოქმედდა, მისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 20 მილიონი ლარია განსაზღვრული. ჩვენს მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები 25 იანვარს დაიწყო და ყველა ადმინისტრაციული ერთეულისა და სოფლის ჩათვლით 12 თებერვალს უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგაც შერჩეული პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი ღონისძიებები დაიწყება.

მარი ბაბუხადია