„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთობლივი მემორანდუმის საფუძველზე 10 და 11 ნოემბერს უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო. 5 სხვადასხვა დარგის სპეციალისტისაგან შემდგარი პროფესიონალთა ბრიგადა 2 დღის განმავლობაში უწევდა სამედიცინო მომსახურებას ტყიბულის ადგილობრივ მოსახლეობას. ძირითად სეგმენტად შერჩეული იყო სოციალურად დაუცველი და ხანდაზმული პაციენტები, თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნული სერვისით სარგებლობის საშუალება ყველა კატეგორიის ადამიანს შეეძლო. თერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციასთან ერთად, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებაც იყო შესაძლებელი, ამათგან, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ელექტროკარდიოგრაფია.
ტყიბულში მედიკოსთა ჯგუფი საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ხოლო აქციის მეორე დღეს, სოფელ გურნაში კი, საჯარო სკოლის შენობაში განთავსდა. აქციის მიმდინარეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, გაეცვნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ექიმებს გულისხმიერებისათვის და ადგილზე მისულ პაციენტებსაც გაესაუბრნენ.
აღსანიშნავია, რომ „წითელი ჯვრის“ ეგიდით მსგავსი სამედიცინო აქციები ჩვენი ქვეყნის რეგიონებში უკვე 15 წელია, რაც ხორციელდება და ამ პროგრამით წელს უკვე ტყიბულმაც ისარგებლა. პროექტს ორგანიზება „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტყიბულის ადგილობრივმა ორგანიზაციამ“ გაუკეთა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია