ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქალაქის შიდა გზები დაათვალიერა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, 300 ათასი ლარი, 14 მიმართულებით, ბეტონისსაფარიანი გზების კეთლმოწყობისათვის დაიხარჯება. ეს ქუჩებია: ბარათაშვილის N3,5,7, გაბრიაძის, ამავე ქუჩის II შესახვევი, დუმბაძის, ლესელიძის, ნინოშვილის, ტყვარჩელის II შესახვევი, N13, N17-ისა და ასევე, „სოკარის“ მიმდებარედ, ჭელიშვილის II შესახვევი, ახობაძის N12, სოლომონ II-ის I ჩიხი და სააკაძის ქუჩები.
კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შ.პ.ს. „ჯეოროუდ ინვესტი“ ახორციელებს. თემურ ჩუბინიძემ ძიძიგურის შახტის დასახლებაში, დუმბაძის ქუჩაზე, თითქმის დასრულებული გზა მოინახულა. აქ 230 გრძივი მეტრისა და 16 სმ სისქის ბეტონის საფარის მოწყობა დამთავრებულია. ამჟამად, არხებისა და პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოების განხორციელებაა დარჩენილი. ანალოგიური მდგომარეობაა დასავლეთ შახტის დასახლებაში მდებარე სოლომონ II-ის ქუჩაზეც, სადაც 260 მეტრიან მონაკვეთზე 3 მ სიგანის გზა დაიგო. აღსანიშნავია, რომ ორივე ქუჩის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა პრობლემის მოგვარებას, რაც გათვალისწინებულ იქნა პროექტის პრიორიტეტთა განსაზღვრისას.
„მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქის შიდა გზების მშენებლობა, 12 ქუჩა უკვე დავასრულეთ. წლის ბოლოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ იქნა დამატებით სახსრები. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე და განცხადებების შესწავლის შემდეგ გავაანალიზეთ პრიორიტეტები საჭიროებების მიხედვით და აღნიშნული თანხით ვაგრძელებთ ქალაქის შიდა ქუჩების მშენებლობას. 2019 წლის თებერვლის ჩათვლით დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 14 ქუჩის მოწყობა.
დავათვალიერეთ დუმბაძის ქუჩა, ძიძიგურის შახტის უბანში, რომელიც დასრულების სტადიაშია და ასევე, ვნახეთ „შაორჰესის“ უკან მდებარე სოლომონ II-ის ქუჩა, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ ნაწილობრივი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ბეტონისსაფარით გზის მოწყობა სააკაძის ქუჩაზე... ასე რომ, ამ პროცესს მომავალ წელსაც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
14-ვე ქუჩის კეთილმოწყობა კონტრაქტორმა კომპანიამ მომავალი წლის მარტის თვემდე უნდა დაასრულოს.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “შიდა გზები ქალაქში 14 მიმართულებით დაიგება”
კომენტარები გამორთულია