შეხვედრა მოქალაქეებთან ცესკოს ახალი ინიციატივით

  ,,ვესაუბრებით ამომრჩევლებს‘’ - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივაა. ამ პროექტის ფარგლებში, ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლითი შეხვედრა გამართეს. მათ მოქალაქეებს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ბარათები დაურიგეს, მათი მოსაზრებები გაიზიარეს და საკუთარ უფლებებზე გაესაუბრნენ.

  საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრის გაგება,  ზოგადად, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მათი გათვალისწინება შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას ამომრჩევლებს, მათივე სურვილის გათვალისწინებით, მოსაზრებების ბარათებიც შეავსებინეს, რაზეც მათ, არჩევნების ირგვლივ საინტერესო საკითხებზე, აზრი დააფიქსირეს. მიღებულ მონაცემებს კი, ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, საქმიანობაში გაითვალისწინებს.

  მსგავსი ხასიათის შეხვედრა, რამდენიმე დღის წინ, მუხურაშიც შედგა და იგი, ასევე, ორპირსა (17 მაისს) და გურნაშიც (22 მაისს) გაიმართება. მოქალაქეები კომისიის წევრებმა ცესკოს ადგილობრივ ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო საჯარო შეხვედრაზე მოიწვიეს, რომელიც 25 მაისს ჩატარდება, სადაც ამომრჩევლები კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

  აღსანიშნავია, რომ ახალი ინიციატივის სლოგანი - ,,უფრო ახლოს“ ადმინისტრაციასა და ამომრჩეველს შორის ეფექტურ და უშუალო კომუნიკაციას გულისხმობს და იგი პროექტის მნიშვნელოვანი მიზანიცაა.

  მოსახლეობა ასეთი აქტივობით ეცნობა თავის უფლებებს, თუ რა კეთდება საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისათვის და იღებს ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დახმარებისათვის შესაძლოა, მიმართოს ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას.

მარი ბაბუხადია

2 4 3

კომენტარები გამორთულია