ტყიბულში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში შეხვედრა კალათბურთში სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიება ვაჟთა და გოგონათა კატეგორიაში მოეწყო. მასში ჩართულნი იყვნენ ქალაქ ტყიბულის ყველა და ასევე, ორპირის, სოჩხეთის, კურსების, გელათისა და ხრესილის საჯარო სკოლების, სულ 16 გუნდი. მათგან 6 გოგონათა, ხოლო 10 ვაჟთა შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული. თითოეული მოასპარეზე ჯგუფი 3 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისაგან შედგებოდა, რომელთაც თან ახლდა 1 მწვრთნელ-მასწავლებელი. ფინალში ერთმანეთს გოგონებიდან - N7 და ორპირის, ხოლო ვაჟებში - N1 და N6 საჯარო სკოლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
გამარჯვება გოგონებიდან ორპირის, ვაჟებიდან კი, - N1 სკოლების გუნდებმა მოიპოვეს.
ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადება და მსაჯების შერჩევა სპორტულმა ცენტრმა უზრუნველჰყო.
შეხვედრები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ფარგლებში, გარდა ამისა, გაიმართება მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, ბადმინტონში, მინი ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში. შეჯიბრებებში გამოვლენილები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია