365

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, ტყიბულში, პატივი მიაგეს

  1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ამ დღეს ადამიანის ყველაზე დიდი ღირებულებისათვის, თავისუფლებისათვის, ბრძოლას 21 გულანთებული ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი, დაიჭრა და მოიწამლა.

 გამორჩეული მამულიშვილების დაღვრილ სისხლსა და თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია. სიმბოლურია, რომ ზუსტად ორის წლის თავზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, სწორედ ამიტომ, ეს თარიღი ორი მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველია.

  ტყიბულში, ტრადიციულად 9 აპრილის სახელობის პარკში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, უახლესი ისტორიის გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

 ,, - 28 წელი გავიდა იმ დღიდან, რასაც 9 აპრილის ტრაგედია ქვია. მას შემდეგ ყოველწლიურად მოვდივართ დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ვამკობთ ყვავილებით და ვიხსენებთ იმ ადამიანთა სახელებს, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რათა გვეცხოვრა თავისუფალ და ბედნიერ ქვეყანაში. მისაბაძი და საამაყოა მათი სულისკვეთება.“- განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, შალვა გაბრიაძემ.

  ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

მარი ბაბუხადია

364