ტყიბულში კოვიდინფიცირების რიცხვმა იკლო

 ტყიბულის მუნიციპალიტეტში პანდემიასთან დაკავშირებული ეპიდვითარება ამჟამად სტაბილურად კლებისკენაა მიმართული. ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად საშუალოდ 2-3 დადასტურებული შემთხვევა ვლინდება. ზოგადი მაჩვენებლები კი ასეთია: სულ 1313 - ინფიცირებული, 1223 – გამოჯანმრთელებული და 99 თვითიზოლაციაში მყოფი პირი. სამწუხაროდ დღემდე გარდაცვალების 18 ფაქტია დაფიქსირებული.

  კვლავ მიმდინარეობს სკოლის პედაგოგების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებისა და შსს-ს თანამშრომელთა ტესტირება. ასევე, სამედიცინო პერსონალის, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა და ბაზრობის თანამშრომელთა (გარდა აგრარული ბაზრისა) კვლევა, ნაწილის PCR-ით, ნაწილის კი, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით.

  რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მადონა ქასრაძემ, განაცხადა ცივი ჯაჭვის სისტემა მუნიციპალიტეტში, ვაქცინის ცალკეული კატეგორიის შესანახად, გამართულია. პროცესი სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს, მარტის პირველი რიცხვებიდან დაიწყება (როგორც მთელს ქვეყანაში). პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, 75 წლის ზევით ასაკის, შემდეგ - 65-დან 74 წლემდე ასაკის მოქალაქეები, ესენციური სერვისების მომწოდებლები, 18-დან 55 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ბოლოს კი მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია და მას ორგანიზებას მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური გაუწევს, შემსრულებლები კი, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ევექსის ტყიბულის კლინიკა იქნებიან.

  საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ვითარება კი დღეისათვის ასეთია, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებითია, N1 და N6 სკოლების რამდენიმე კლასი წერტილოვნად, განსაზღვრული ვადით, ონლაინ სწავლებას გადის.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია