სახალხო ზეიმი დედაღვთისას მონასტრის ეზოში

  „მურყანვაზობა“ ამ სახელწოდებით გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე დედაღვთისას მონასტრის ეზოში საერთო სახალხო ზეიმი. მურყანი - რთხმელაზე შემოხვეული მრავალსაუკუნოვანი ვაზია, სწორედ აქედან წარმოიშვა სახალხო ზეიმის იდეა, რომელიც გულისხმობს საბარძიმე ღვინის დამზადებისათვის ყურძნის დაწურვასა და სხვა კულტურულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების გაცოცხლებას.

  მურყანვაზობისათვის საჭირო ყურძენი დედაღვთისას საბრძანებელს საჩუქრად ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, გადასცა, რომლის ინიციატივითაც გაიმართა აღნიშნული ღონისძიება.

  სახალხო ზეიმი მონასტრისკენ მიმავალი გზიდან დაიწყო, საიდანაც ყურძენი კარიბჭესთან აკიდოებითა და ყვავილებით მორთული ხარ-ურმებით მიიტანეს. მსვლელობაში ადგილობრივები, მოსწავლე-ახალგაზრდები, მრევლი და მგალობელთა გუნდი იყვნენ ჩართულნი.

  დღესასწაული დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით. აქვე მოხდა თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება. ასევე საზეიმოდ აღესრულა ჯვრისწერის საიდუმლო და ნათლობა.

  ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია