45590117_2259404754129654_3118553252291936256_o

საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

  სოფელ საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს ადგილზე მისვლით გაეცვნენ ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. მათ ამ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას აგრძელებს. ის საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს და მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. საწირის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლებსაც. დღემდე მოსახლეობას დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად ტყიბულის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდებოდა.

  ახალ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა სერვისებით სარგებლობას. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებითაც, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების საშუალებას მისცემს. აქ იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე იქნება განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკა. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ.

  საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით, 57 ქართული სოფლის მოსახლეობა იყენებს, ხოლო წლის ბოლომდე საწირის ჩათვლით კიდევ 9 სოფელი ისარგებლებს. მომავალ წელს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, ტყიბულის გარდა, კიდევ 14 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.

  აღნიშნული ობიექტები  მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. მომხმარებლებს, ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ. ახალ პროექტს სახელწოდებით − „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ − მიმდინარე წელს სოფელ ხრეითში ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და მისულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის მოპოვებაში ინტერნეტის მეშვეობით, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები. სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში მომუშავე მოხალისეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო მომსახურების გაწევაში, იდეების მოფიქრებასა და ხორცშესხმაში. პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში მუშაობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების უნარები.