2

სასწავლო ვიზიტი ჩეხეთში

  2016 წლის 20-დან 25 ნოემბრის ჩათვლით, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის, „PIN-ის“ სოციალური პროექტის ფარგლებში, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ვიზიტში, ქალაქ პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა).

  16 მონაწილეს - ტყიბულის, ხონის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე „PIN-ის“ სათემო კოორდინატორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩეხეთში არსებულ სოციალურ სისტემას. საბჭოს წევრებს გამოცდილება გაუზიარეს სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, რომლებიც 10 წელზე მეტია ახორციელებენ ბენეფიციარების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, უსახლკარო ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, ნარკოდამოკიდებულები) საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა მომსახურებას: შინ მოვლა, უნარ-ჩვევების განმავითარებელი ტრენინგ-კურსების შეთავაზება, პროფესიული განათლება, სოციალური საწარმოს დაფუძნება, დასაქმება და სხვა. გარდა ამისა, მონაწილეები შეხვდნენ „PIN-ის“ სოციალური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მის ხელმძღვანელს, ბატონ შიმონ პანეკს, რომელმაც ისაუბრა „PIN-ის“ მიერ 1992 წლიდან გავლილ გზაზე. ბატონმა შიმონმა მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები, ძირითადი ღირებულებები, რომელზე დაყრდნობითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

  „კომუნიზმის დასასრული დასაწყისი იყო დიდი ტრანსფორმაციისა და ეს გზა წარმატებით გავიარეთ. ახლა გვინდა გამოცდილება გაგიზიაროთ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და ამიტომაც გვაქვს შესაძლებლობა ბევრად ახლოს ვიდგეთ იმ ადამიანებთან, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს პირდაპირი გზით მივცემთ შემწეობას, ჩვენ ვქმნით პირობებს, გარემოს, რომ მათ იგრძნონ შეღავათი,“ - განაცხადა შიმონ პანეკმა.

  ჩეხეთში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოციალური სერვისების განვითარებისთვის მუნიციპალიტეტებში. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები, რომელთა შორის იმყოფებოდნენ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილე - შალვა გაბრიაძე და სხვები, გამოთქვამენ მზადყოფნას მიღებული ცოდნა დანერგონ მომავალ საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

1 3