საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ტყიბულში

  28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ამომრჩეველთან შესახვედრად ტყიბულს ეწვია. ადგილობრივებმა, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ, ელექტორატისათვის შეთავაზებული ხედვები და პრიორიტეტები მოისმინეს. საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და მეცნიერი, რომლის საქმიანი კონტაქტები ჩვენს ქვეყანასთან 2003 წლიდან იწყება, გეგმავს, საკუთარი კვალი დატოვოს პრეზიდენტის ამპლუაში და ევროპული განვითარების ტიპის ქვეყნად აქციოს ჩვენი სახელმწიფო. სალომე ზურაბიშვილმა, ტყიბულელებს გადატანილი ტრაგედიების გამო სამძიმარი გამოუცხადა და ისაუბრა იმ აუცილებელ საკანონმდებლო კომპონენტზე, რომელიც მშრომელთა უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, რაც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში პრიორიტეტია. ასევე, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე, მათ შორის, ახლად ეკიპირებული ონკოლოგიური და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობასა და მათში მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადებაზე, რაც ნარკომომხმარებელთა გაჯანსაღებისათვის იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების ხელშეწყობაზე, რისი რესურსიც საქართველოს ძალზედ დიდი აქვს. კანდიდატმა ამ მიმართებით სპორტის პოპულარიზაციასა და რეკლამირებაზეც ისაუბრა, რაც სკოლის ასაკიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

  სალომე ზურაბიშვილი, დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ არ იქნება სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი და მუდმივად იქონიებს კონტაქტს მოსახლეობასთან. მათ შორის, რეგიონებში, სადაც პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივ ღონისძიებებს დასახავს და შემდეგ მიიტანს მთავრობასა და პარლამენტთან გადასაჭრელად.

  ,,მინდა წყნარი და მშვიდობიანი ქვეყანა. მაქვს ხედვა, გამოცდილება და უზარმაზარი სიყვარული ჩემი ქვეყნისა და მომავლის. ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობა მაძლევს პასუხისმგებლობას, რომ მასზე ნაკლები არ გავაკეთო ამ ქვეყნისათვის,“ - ამ სიტყვებით დაასრულა შეხვედრა ტყიბულელებთან პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.