ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი, მეცხრე, სხდომა ჩატარდა, რომელსაც ამავე ორგანოს ხელმძღვანელი, თამაზ კუბლაშვილი, თავმჯდომარეობდა. შეხვედრას დეპუტატებთად ერთად გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და პირველი მოადგილე, შალვა გაბრიაძე, ესწრებოდნენ. დღის წესრიგის მიხედვით ექვსი საკითხი იქნა წარმოდგენილი. პირველი, - „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ,“ განკარგულების პროექტს შეეხებოდა, რომლის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ, ისაუბრა. ამ დროის განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავლის გეგმა 87,8 %-ითაა შესრულებული, რაც 1162,7 ათას ლარს შეადგენს. არაფინანსური აქტივების ზრდამ კი 112,5 ათასი ლარი შეადგინა.
სხდომას, მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ, ინფორმაცია ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, თენგიზ თევზაძემ, მიაწოდა. მიმდინარე წლის 24 აპრილის მონაცემებით ჩვენთან 173 ჰა სავარგულია დახნული. მათ შორის, განსაკუთრებულად კარგი ტემპით ეს პროცესი საწირის, მუხურისა და გურნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
საკრებულოზე დღის წესრიგით გათვალისწინებული დანარჩენი საკითხები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცებას, ასევე, მოძრავი ქონების „კომუნალური გაერთიანებისათვის“ თხოვების ხელშეკრულებით მიცემაზე თანხმობას და სახელმწიფოსათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას შეეხებოდა.
დეპუტატებმა ყველა საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია