საკრებულომ სამი პროექტი განიხილა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დეპუტატები, თანამომხსენებლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით სამი საკითხი განიხილეს. მათ შორის, პირველი, ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ ანგარიში იყო ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით. სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა ის ექვსი ერთეული ტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებობს, გამართულ მდგომარეობაში დახვდეს ზამთარს. სხვადასხვა შესაძენი სათადარიგო ნაწილების ღირებულება ჯამში 7 ათას 200 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისაგან დეპუტატებმა სათითაოდ მოისმინეს ინფორმაცია მათ დაქვემდებარებაში მყოფ თემებში ცივი სეზონის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაზე, რა სირთულეებია და მათი გადაჭრის რა რეალური გზები არსებობს.

   კიდევ ერთი განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ  მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის ანგარიშს მოიცავდა.

  მესამე საკითხი კურორტ „ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრიაციო კომპლექსის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და ტერიტორიის გამოყენების რეგულირების წესის დამუშავებაზე გეგმარებით დავალების დამტკიცებას შეეხებოდა. პროექტი „რეგიონული განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო ფონდის“ მიერ იქნა მომზადებული. შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელიც ნაქერალას ქედზე არსებული კურორტის პოტენციალის სრულად გამოყენებისა და ათვისების რესურსს ეფუძნება. საპროექტო ფართბი 58884,00 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც უნიკალური კლიმატისა და მღვიმეების გათვალისწინებით, შესაძლოა, გაკეთდეს ტურისტული კომპლექსი, რომელიც მთელ წელიწადზე იქნება გათვლილი ვიზიტორთათვის სხვადასხვა სეზონური დატვირთვით: დასასვენებელ-სამკურნალი ცენტრი, სამთო, მძაფრი ექსტრემალური ტურიზმი და სხვა. სხდომაზე პროექტის პრეზენტაცია ფონდის წარმომადგენლებმა პირადად მოაწყვეს და დაინტერესებული მხარეების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

  დეპუტატებმა სამივე განკარგულებას კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს.

ნათია მურუსიძე

001 002 003 005 006 007 008 010 012

კომენტარები გამორთულია