111

საკონსულტაციო შეხვედრა მუხურაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 532 000 ლარია გამოყოფილი.

  აღნიშნული პროგრამის მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან განახლებული სახით აღდგა. მთავრობის დადგენილებით დასახლებებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500-ს, საერთო კრება, ხოლო სადაც მათი რაოდენობა შეადგენს 500-ზე მეტს ამომრჩევლებთან კონსულტაცია იმართება.

  გაანგარიშება შემდეგი პრინციპით მოხდა: ა) დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200-ს, გამოეყო 10 000 ლარი; ბ) დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400-ს გამოეყო 12 000 ლარი; გ) დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000-ს გამოეყო 16 000 ლარი; დ) დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა აღემატება 1 000-ს გამოეყო 20 000 ლარი.

  ჩვენს მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები უკვე დაიწყო და თებერვლის დასაწყისში დასრულდება, რომელიც ყველა სოფელს მოიცავს.

  პირველი საკონსულტაციო შეხვედრა 21 იანვარს, მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სადაც მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით პროგრამის ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 20 ათასი ლარია გამოყოფილი.  მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა სოფლის შიდა საუბნო გზების მოხრეშვას მოხმარდება. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურების უფროსები იმყოფებოდნენ.

მარი ბაბუხადია