215_0599_01.MP4.Still100

„რა? სად? როდის?“ შესარჩევ ტურს სასახლემ უმასპინძლა

  ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ტრადიციულად ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ შესარჩევი ტური გაიმართა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. საორგანიზაციო კომისიის მიერ შედგენილი კითხვები, სწორედ, ამ თემატიკიდან გამომდინარეობდა და მოსწავლეთა ასაკს შეესაბამებოდა. ინტელექტუალურ ვიქტორინაში ჩართულნი იყვნენ ქალაქის - N1, N2, N4, N6, N7 და სოფლების - ხრესილის, კურსების, ორპირის, გელათის, საწირის, მუხურისა და სოჩხეთის საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეთა გუნდები. მათ სულ 30 შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა.

  ღონისძიებას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო ნაწილის გამგე, მადონა ესებუა, უძღვებოდა. ჟიურის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექცია და სხვა წარმომადგენლები. ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი.

  ინტელექტუალური თამაშის შესარჩევ ტურში, დაგროვებული ქულების მიხედვით, გამოვლინდა 6 გამარჯვებული ჯგუფი: N1, N4, კურსების, ხრესილის, მუხურისა და გურნის საჯარო სკოლების წარმომადგენლები რომლებიც შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ისინი გაზაფხულზე გამართულ ფინალურ კონკურსში ჩაერთვებიან.

  პროექტის ფარგლებში, წელს პირველად, მხატვრული კითხვის კონკურსიც გაიმართა. მასში ჩართულნი იყვნენ მონაწილე გუნდების წარმომადგენლები. მათ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ნიმუშები და ჩანახატები წაიკითხეს. ნომინაციაში საუკეთესო დეკლამატორი გაიმარჯვა მარიამ ლომთაძემ (N6 საჯარო სკოლა). სამახსოვრო ბარათები გადაეცათ ანი გოგიაშვილს (N6 საჯარო სკოლა), დავით ხუჯაძეს (სოჩხეთის საჯარო სკოლა). სიგელები დაჯილდოვდნენ, ასევე, ანი არსენაშვილი (მუხურის საჯარო სკოლა), ქრისტინე გოცირიძე (N7 საჯარო სკოლა) და მარიამ ობოლაძე (ხრესილის საჯარო სკოლა).

მარი ბაბუხადია